ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორი და Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი, უორენ ბაფეთი სკანდალში გაეხვია. რამდენიმე დღის, ამერიკულმა გამოცემა ProPublica-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც იუწყებოდა, რომ მოიპოვა ამერიკის შეერთებული შტატების საგასახადო სამსახურის მონაცემები, რომლებიც ცხადყოფს, რომ უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში სულ მცირე სამჯერ, უორენ ბაფეტმა ძალაუფლება არაკეთილსინდისიერად გამოიყენა და Berkshire Hathaway-ის ინვესტორების ინტერესების წინ, პირადი საინვესტიციო პორტფელის მოკლევადიანი სარგებელი დააყენა.
თავად ის ფაქტი, რომ Berkshire Hathaway-ის გარდა უორენ ბაფეტი პირად საინვესტიციო პროფილსაც ფლობს, საიდუმლო არავისთვისაა, მაგრამ, რეალურად, ის ერთ-ერთია იმ რამდენიმე თემას შორის, რომელზედაც უორენ ბაფეტი ფაქტობრივად არავისთან ლაპარაკობს, მით უმეტეს საჯაროდ. თუ Berkshire Hathaway-ი საჯარო კომპანიაა, რომელიც ზედმიწევნით გამჭვირვალედ ასაჯაროებს საკუთარ ფინანსურ მონაცემებს, უორენ ბაფეტს, როგორც ინდივიდუალურ ინვესტორს, ამის ვალდებულება არ აქვს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ProPublica-ს მიერ გამოქვეყნებულ ამ სტატიას ინვესტორებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
რეაქცია, რეალურად, იმდენად დიდი იყო, რომ Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარის მოადგილე და უორენ ბაფეტის მარჯვენა ხელი, 99 წლის ჩარლი მანგერი CNBC-ზე გამოჩნდა და ბაფეტის დაცვაც კი სცადა საჯაროდ. თუმცა, სანამ ჩარლი მანგერის არგუმენტების შესახებ მოგიყვებით, უნდა აგიხსნათ, თუ რას ედავება ამერიკული გამოცემა უორენ ბაფეტს.
პირველი კითხვა, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეთ ძალაუფლების გადამეტების რაობას შეიძლება უკავშირდებოდეს, რადგან ბაფეტი საჯარო მოხელე არ არის. კი, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ბაფეტი საჯარო, ანუ საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიის თავმჯდომარეა და შესაბამისად, ინვესტორების წინაშე აგებს პასუხს. ამასთან, Berkshire Hathaway-ს საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული ეთიკის კოდექსიც აქვს, რომელშიც მკაფიოდ წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ Berkshire-ი ამჟამინდელ ან შესაძლო ტრანზაქციაში მონაწილეობს, კომპანიის ვერც ერთი თანამშრომელი ვერ შევა ამავე ტრანზაქციაში მანამ, სანამ ტრანზაქცია არ გასაჯაროვდება. ამასთან, უორენ ბაფეტს თავადაც არაერთხელ უთქვამს, რომ ვერ იყიდის იმ აქციებს, რომლებსაც Berkhire Hathaway-ი ფლობს.
ძალაუფლების გადაჭარბების პირველი შემთხვევა, რომლის შესახებაც ProPublica წერს, გამოცემის ინფორმაციით, 2009 წელს მოხდა, როცა მსოფლიო გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ფეხზე წამოდგომას ცდილობდა. 2009 წლის 20 აპრილს, ჟურნალ Fortune-ში უორენ ბაფეტის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომლის შემდეგაც, სულ რაღაც ოთხ დღეში, Wells Fargo-ს აქციების 13%-ით გაძვირდა. საინტერესო კი ის არის, რომ ერთი თვით ადრე, კომპანიის აქციებმა 20%-ით იმატა, რაც ასევე უორენ ბაფეტის საჯარო განცხადებებს უკავშირდებოდა. მოკლე ვადაში დაფიქსირებული ასეთი ზრდის ფონზე, როგორც ProPublica წერს, უორენ ბაფეტმა Wells Fargo-ს 20 მილიონი დოლარის აქციები გაყიდა.
კიდევ ერთი შემთხვევა, რომლის შესახებაც ProPublica წერს, ასევე 2009 წელს დაფიქსირდა, როცა ერთი კვარტალის განმავლობაში უორენ ბაფეტმა საკუთარ პორტფელში Walmart-ის 25 მილიონი დოლარის მოცულობის პოზიცია დახურა, როცა Berkshire-მა კომპანიაში საკუთარი წილი გააორმაგა. რომელი ტრანზაქცია განხორციელდა პირველად, უცნობია, მაგრამ, რეალურად, ამას მნიშვნელობაც არ აქვს, რადგან მთავარი კითხვა, რომელიც ისმის ისაა, თუ რატომ აირჩია კომპანიამ ერთი გზა, მისმა დამფუძნებელმა კი - მეორე.
ახლა კი ჩარლი მანგერს დავუბრუნდეთ, რომელიც Berkshire Hathaway-ის ერთგვარ მორალურ სიმბოლოდ ითვლება. როგორც ჩარლი მანგერი ამბობს, ეს ბრალდებები, უბრალოდ, სასაცილოა.
“არ ვფიქრობ, რომ არსებობს იმის მინიმალური შანსიც კი, რომ უორენ ბაფეტი ბოროტებას ჩადის, ფული რომ გამოიმუშაოს. Berkshire-ზე ის იმაზე მეტად ზრუნავს, ვიდრე საკუთარ თავზე. საკუთარი ფული აღარც აქვს, რადგან მას ქველმოქმედებისთვის გასცემს, რითაც მის უმნიშვნელობას ამტკიცებს. ეს-ესაა უკანასკნელი ასი მილიონი გასცა და ეგრევე ალაპარაკდნენ, რა ბინძური არის, Berkshire-ით ფულს რომ შოულობსო. ეს არგუმენტი არ არის, კიდევ ერთი სასაცილო რამაა, რასაც Berkshire-ის შესახებ ამბობენ", - განაცხადა ჩარლი მანგერმა CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
გამომდინარე იქიდან, რომ Berkshire Hathaway-ი რიგით მე-8 უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში, აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა, გასაგებიცაა. Berkshire-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს 781 მილიარდ დოლარს აღემატება. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, კომპანიის აქციები 14.6%-ითაა გაძვირებული.