მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ეკონომიკა? - გაკვეთილები ყოველდღიური ცხოვრებიდან

63eb64f7ca4bf
BM.GE
14.02.23 14:35
564
ეკონომიკა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუ დააკვირდებით, ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს არა მხოლოდ ზრდასრული ადამიანები, არამედ სკოლის მოსწავლეებიც იღებენ.

„რაში სჯობს რომ დღეს ჯიბის ფული დავხარჯო - მეგობრებთან ერთად ამ კვირაში კიდევ ერთხელ წავიდე ბოულინგის სათამაშოდ თუ ფული დავაგროვო და ჰარი პოტერის წიგნების ინგლისურენოვანი გამოცემა შევიძინო?“, - მსგავსი დილემა სკოლაში სწავლის პერიოდში, ალბათ, ყველას გაგვჩენია და ახლა რომ ვუფიქრდებით, შეიძლება ბავშვურ ახირებად გვეჩვენებოდეს, თუმცა, რეალურად ეს ეკონომიკური არჩევანია, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად ჩნდება.

ეკონომიკა ბავშვობიდანვე ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო და დღესაც ყოველი ქმედების განხორციელებისას ეკონომიკურ არჩევანს მივმართავთ - რა სჯობს, ფულის დაზოგვის მიზნით მეტროთი წავიდე თუ კომფორტი ვარჩიო და ტაქსით ვიმგზავრო? სახლში მომზადებული სადილი მივირთვა თუ გამოვიძახო?

ყოველი არჩევანის გაკეთების დროს, ჩვენ ვცდილობთ განვსაზღვროთ, რამდენად გვიღირს ესა თუ ის პროდუქტი იმ ფასად, რა ფასადაც მას ბაზარი გვთავაზობს - ანუ ვცდილობთ შევაფასოთ, რა არის ჩვენი გადაწყვეტილების ეკონომიკური სარგებელი - დაზოგილი თანხა, დრო, კომფორტი თუ ენერგია.

ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ინსტინქტურად ვიღებთ და არ ვფიქრობთ, რომ ამის უკან ეკონომიკის მთელი მეცნიერება დგას.

თუმცა, იმისათვის, რომ შევძლოთ უკეთესი, ჩვენთვის უფრო მეტი სარგებლის მომტანი გადაწყვეტილებების მიღება, ეკონომიკის ცოდნა მნიშვნელოვანია.

ყოველდღიური გადაწყვეტილებების ეკონომიკურ ჭრილში განხილვის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა ქმედებები და გადაწყვეტილებები დაგვეხმარება, რომ დავხარჯოთ თანხა ეფექტურად და გავზარდოთ მოგება, რაც გრძელვადიან პერიოდში შესაძლებლობას მოგვცემს, სწორად ვმართოთ ჩვენი ფინანსები და მივიღოთ მეტი ეკონომიკური სარგებელი.

სკოლის მოსწავლეებში ეკონომიკისადმი ინტერესის გაღრმავების და სამოქალაქო საზოგადოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, გადავწყვიტეთ, საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi), საქართველოს ბანკისა და თავისუფალი უნივერსიტეტის პარტნიორობით წელს საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა ჩავატაროთ, რომელშიც მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მიიღებენ.

ოლიმპიადა შესაძლებლობაა უფროსკლასელებისთვის, გაიღრმავონ ცოდნა, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები და გაიგონ მეტი ეკონომიკის შესახებ.

ჩვენი მიზანი არ არის ახალგაზრდებს ვასწავლოთ რთული ეკონომიკური თეორიები და გადაწყვეტები, ჩვენ გვსურს, მათ მიერ ყოველდღიურად გაკეთებულ არჩევანზე დაყრდნობით შევქმნათ ისეთი ამოცანები, რომლებიც დაეხმარებათ, გაიაზრონ მათი გადაწყვეტილებების ეკონომიკური ეფექტი, დაინახონ, თუ რა გავლენას ახდენს ეკონომიკა როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და აღმოაჩინონ ეკონომიკის მუშაობის მექანიზმი.

აღნიშნული ოლიმპიადა ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) საერთაშორისო პროექტის - „ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის“ ფარგლებში იმართება, რომელსაც ლოკალურად საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) ახორციელებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადა INEV-ის მოდელით მათი მანდატის ქვეშ ჩატარდება.

შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადა ორ რაუნდად გაიმართება - პირველი ეტაპი თბილისის სკოლებისთვის 26 თებერვალს თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო საქართველოს მასშტაბით არსებული სკოლებისთვის 27-28 თებერვალს სკოლებში ჩატარდება.

შესარჩევი ეტაპის შემდეგ, მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ივნისში, თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება. მეორე რაუნდის ფარგლებში, ახალგაზრდებს ტესტირების პარალელურად შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ პანელურ დისკუსიებში, შეხვდნენ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებს, გაიღრმავონ ცოდნა და დაამყარონ ახალი კავშირები.

ოლიმპიადის მეორე ტურის დასრულების შემდეგ, ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა მონაწილეობას ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში მიიღებს და ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე სლოვაკეთში გაემგზავრება.

ოლიმპიადაზე რეგისტრაცია ახლაც მიმდინარეობს და 17 თებერვლამდე გაგრძელდება.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

თუ გსურთ, გაიგოთ მეტი ეკონომიკის შესახებ და მოემზადოთ ოლიმპიადისთვის, საგანმანათლებლო რესურსი ყველასათვის ხელმისაწვდომია. ჩამოტვირთეთ „საღი აზრის ეკონომიკა“.


ns



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები