მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ექმნებათ პრობლემები ირანელებს საქართველოში შემოსვლაზე - ზალკალიანის კომენტარი

5c10b3c1d4723
თელარა გელანტია
12.12.18 11:06
1036
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან სავიზო რეჟიმის დაწესებაზე გავრცელებული ინფორმაცია „მხოლოდ სპეკულაციაა“.

Bm.ge-ის კითხვაზე - მიმდინარე წელს რატომ გაიზარდა რეკორდულად ირანის იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელთაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ, მინისტრმა განაცხადა, რომ „ყველა ეს საკითხი არის მუშა რეჟიმში“.

„სავიზო რეჟიმის დაწესებაზე მსგავსი ინფორმაციები ვრცელდება, მაგრამ ეს მხოლოდ სპეკულაციებია. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია პარტნიროებთან; ასევე ჩემს მოადგილეს ჰქონდა შეხვედრა ირანის ელჩთან საქართველოში. ყველა ეს საკითხი არის მუშა რეჟიმში. მიმდინარეობს ამ საკითხების განხილვა. ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, რაც გააჩნდა ირანულ მხარეს. ჩვენ ცოტა განსხვავებული ინფორმაცია გვქონდა იგივე რაოდენობასთან დაკავშირებით, რომელზეც აპელირება იყო მედიაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ შევადარეთ იმ მონაცემებს, რომელიც ირანულ მხარეს აქვს და დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა არსებულ გაუგებრობაზე ჩვენ გვქონდეს შესაბამისი პასუხები. ასე რომ ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში სამუშაო რეჟიმში აუცილებლად გავივლით ყველა ამ თემას და ეს საკითხი მოგვარდება“, - განაცხადა მინისტრმა.

„ირანელებს საქართველოში ჩამოსვლას არ ურჩევენ“, - ამ სათაურით აქვეყნებს მასალას რადიო „თავისუფლებაც“.

გამოცემის მიხედვით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს თავის მოქალაქეებს, უარი თქვან საქართველოში სტუმრობაზე, თუკი ეს აუცილებელი არ არის. საგარეო უწყების განცხადება ნაწილია თეირანის ბოლოდროინდელი განაწყენებისა. ირანის მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ საქართველოს საზღვარზე. სპეციალისტების აზრით, მსგავსი განცხადებები და შესაბამისი ფაქტები საფრთხეს უქმნის ტურიზმის განვითარებას საქართველოში.

ცნობისთვის: 2018 წლის 11 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი ირანის 2345-მდე მოქალაქეს ეთქვა.

ინფორმაციის წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროა.

სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2018 წელს რეკორდულად არის გაზრდილი ირანის იმ მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც მესაზღვრეებმა საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

კერძოდ, 2014 წელს საქართველოში არ შემოუშვეს ირანის 71 მოქალაქე, 2015 წელს - 298, 2016 წელს - 30, 2017 წელს - 100, ხოლო 2018 წლის 11 თვეში კი - 2,345.
აღსანიშნავია, რომ ირანელების საქართველოში შემოსვლაზე უარის სტატისტიკა განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან გაიზარდა: აგვისტოში 320 ირანელი არ შემოუშვეს ქვეყანაში, სექტემბერში - 509, ოქტომბერში - 429.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე ირანის ისლამური რეპუბლიკის 434 მოქალაქეს ეთქვა უარი.

რამდენიმე კვირის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში bm.ge-ის განუცხადეს, ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ყველაზე ხშირი და ძირითადი მიზეზი საბუთების წესრიგში არქონაა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები