ინდოეთის საფონდო ბირჟა მკვეთრად ეცემა - ერთკვირიან პერიოდში ძირითადი ინდექსების (Sensex, Nifty) შეფასება თითქმის 5%-ით არის შემცირებული, რასაც რიგი ფაქტორები განაპირობებს.
პირველი მიზეზი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაანონსებული საგადასახადო რეფორმაა, რომელიც კაპიტალის ბაზართან დაკავშირებით გადასახადების ზრდას მოიაზრებს. უფრო კონკრეტულად, საუბარია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შედეგად მიღებული მოგების გადასახადის გაზრდაზე. ბუნებრივია, ასეთი რეფორმა ინვესტორებისა და ტრეიდერების განწყობაზე ნეგატიურად აისახება, ამიტომ ისინი ინდოეთში პოზიციებს ამცირებენ და კაპიტალს სხვა მიმართულებით ამისამართებენ.
ამასთან, 2024 წლის განმავლობაში ინდურ კომპანიებს გამორჩეული ფინანსური შედეგები არ ჰქონიათ. მართალია, ქვეყნის ტექნოლოგიური და IT-სერვისების სექტორი სწრაფად იზრდება, თუმცა სხვა მიმართულებით არსებული დინამიკა სახარბიელო არ არის.
აგრეთვე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ-ის პრეზიდენტი BRICS-ის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ ტარიფების და სანქციების დაწესებით იმუქრება. ინდოეთი კი, მოგეხსენებათ, ამ გაერთიანების წევრია, შესაბამისად, მის მიმართ ტარიფების ამოქმედების რისკი მკვეთრადაა გაზრდილი, ეს კი ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად აისახება.




























