,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა“ პრეპარატ ,,ნალოქსონის“ ტენდერის გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით შესყიდვის უფლება მოითხოვა. როგორც დოკუმენტაციაშია ნათქვამი, ცენტრმა 1300 ამპულა წლის დასაწყისში ტენდერის საფუძველზე შეისყიდა, გათვლა კი გასული წლის საჭიროების მიხედვით გაკეთდა, თუმცა წელს ეს ოდონობა საკმარისი აღარ აღმოჩნდა. ,, მიმდინარე წელს დაფიქსირდა აღნიშნული პრეპარატის ხარჯვის უპრეცედენტო შემთხვევა, რის გამოც მედიკამენტის მარაგი მიუახლოვდა კრიტიკულ ზღვარს, მისი უქონლობა კი გამოიწვევს სასწრაფო სამედიცინო დახმარები ცენტრის ძირითადი ფუნქციის არასრულფასოვნად განხორციელებას.“-ნათქვამია დოკუმენტაციაში.
როგორც ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში“ აცხადებენ, 1500 ამპულის შესყიდვაზე განაცხადი გააკეთეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბაზარზე ,,ნალოქსანის“ დეფიციტია და მისი იმპორტი შეჩერებულია, მხოლოდ 50 ამპულა და ისიც რეგიონებში ,,ავერსი ფარმას“ აღმოაჩნდა, ეს რაოდენობა კი 5-7 დღის მარაგია. ანოტაციის მიხედვით, პრეპარატი ,,ნალოქსონი“- ,,გამოდევნის ნარკოტიკულ საშუალებებს და ამავდროულად ახდენს ამ ნივთიერებათა ჭარბი დოზის სიმპტომების ლიკვიდირებას.
კერძოდ, ნალოქსონი თრგუნავს მორფინის, ჰეროინის, კოდეინის, დიჰიდროკოდეინის, პეტიდინის, მეთადონის, პენტაზოცინის, ფენტანილის, აპომორფინისა და კლონიდინის მოქმედებას.“
Bm.ge დაინტერესდა, უკავშირდება თუ არა წამლის მარაგის ამოწურვა, ნარკოტიკებით ზედოზირების შემთხვევების შესაძლო გახშირებას, თუმცა არც ჯანდაცვის სამინისტროს, არც სტატისტიკის სამსახურს და არც თავად ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“ სტატისტიკური ინფორმაცია არ აღმოაჩნდა.
,,თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი დავით სუბელიანი, bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ზედოზირების შემთხვევების ზრდის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას არც ისინი ფლობენ.
,, აღნიშნულ პრეპარატს სწორედ ზედოზირების დროს იყენებენ. კარგი იქნება თუკი სასწრაფო უკეთ დაასაბუთებს, რატომ აპირებენ უტენდეროდ ,,ნალოქსონის“ ყიდვას და რატომ სჭირდებათ სწრაფად და ბევრი, ეს მათ ინტერესშიც უნდა შედიოდეს“-აღნიშნა სუბელიანმა.
,,არ მგონია, რომ ზედოზირების შემთხვევები გაზრდილი იყოს, შეიძლება მიმართვიანობაა გაზრდილი და სასწრაფოსაც უფრო ხშირად მიმართავენ, რომ გადაარჩინოს ადამიანი, ეს კარგი ტრენდია, მაგრამ მაინც უნდა დაგვისაბუთონ რაღაც ანგარიშებით, თუ ეს ასეა და უნდა ვიცოდეთ, რატომ მოხდა ასე.“_აღნიშნა სუბელიანმა. მისი თქმით, ორი წლის წინ შერბილდა კანონი, რომელიც არ აძლევდა ადამიანებს საშუალებას, ზედოზირებისას სასწრაფოსთვის დაერეკათ. ,,შარშან და შარშანწინ ,,ნალოქსონთან“ დაკავშირებით ასეთი პრობლემა არ გვქონია და წელს რა მოხდა ახალი არ ვიცით, იმიტომ რომ ნარკომანიის მასიური მატება ნამდვილად არ გვაქვს.“-აღნიშნა სუბელიანმა და დასძინა, რომ კარგი იქნება, თუკი სახელმწიფო ,,ნალოქსონის“ გაყიდვაზე რეცეპტულ შეზღუდვას მოხსნის, რადგან იმ ქვეყნებში სადაც ნარკომანიის პრობლემა დგას, მას მომხმარებლებში და მათი ოჯახის წევრებს შორის არიგებენ.
,,იმის გამო რომ წამალი რეცეპტითაა, ბევრი ადამიანი იღუპება. დიდი ხანი ვიბრძვით, რომ ,,ნალოქსონი“ ღია მიმოქცევაში გაუშვან, რადგან ადამიანი შეიძლება ისეთ ადგილას იყოს, რომ სასწრაფომ ვერც მიუსწროს“-განაცხადა სუბელიანმა.

























