გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გელა ხანიშვილის აზრით, კოოპერატივებისთვის მიწების გადაცემის პროცესში შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა მეტი ოპერატიულობა უნდა გამოიჩინონ. ამის შესახებ მან BM.GE–სთან საუბრისას განაცხადა.
"პროექტი გულისხმობს შექმნილი კოოპერატივებისთვის გრძელვადიანი, დაბალფასიანი იჯარით მიწების გადაცემას. ერთ სულ ძროხაზე ეს მერყეობს 1 ჰექტრიდან 4 ჰა–მდე, ანუ ცალკეული კოოპერატივებისთვის ეს შეიძლება იყოს 500–დან 1000 ჰა–მდე. ჯამში, შექმნილი გვაქვს 39 კოოპერატივი და მათგან დიდ უმრავლესობაზე გადაცემული გვაქვს მიწის ფართობები, მაგრამ კოოპერატივების ნაწილზე მიდის მსჯელობა, მიწის რესურსების გამოყოფა, რაშიც ჩართულია ქონების მართვის სააგენტო, მაგრამ ჯერჯერობით პროცესი არის დაუსრულებელი.
ამ მიწების დროულად გადაცემას ხშირ შემთხვევაში აფერხებს მიწების აღურიცხაობა. ხშირ შემთხვევაში, არსებობს დასაბუთებული, ან დაუსაბუთებელი პრეტენზიები, რომელიც შემდეგ, სამართლებრივად მოგვარების გზაზე როდესაც ვდგებით, სხვადასხვა ბარიერებს წარმოქმნის და სასურველია, ამ ბარიერების გადალახვაში უფრო მეტი ოპერატიულობა იქნას გამოჩენილი ყველა სახელმწიფო სტრუქტურისგან.
ჩვენ შევძელით, რომ პროგრამით გათვალისწინებული ყველა ტექნიკა ადგილზე გვაქვს, შეგვიძლია გადავცეთ და უმრავლეს შემთხვევაში გადაცემულია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის მიწის ფართობებიც ოპერატიულად გადაეცეთ კოოპერატივებს", – განმარტა მინისტრის მოადგილემ.

























