მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გაჭიანურდა ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა?-ინვესტორის განმარტება

5d02599573c21
სალომე მეცხვარიშვილი
13.06.19 18:05
1483
„ჰუალინგ ჯგუფს“ ჭანტურიას 12-ში მდებარე ყოფილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა, პროგრამის "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში, 2015 წელს 9 მილიონ 450 ათას დოლარად, აუქციონის წესით გადაეცა.

ინვესტორის ვალდებულება 2016 წლის პირველი იანვრიდან, არაუმეტეს 36 თვის ვადაში, არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვება იყო, თუმცა ინვესტორს სასტუმროს სამშენებლო ვადები 2019 წლის 21 აპრილს ამოეწურა, ადგილზე კი სამშენებლო სამუშაოები დაწყებული ჯერ კიდევ არ არის.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ჰუალინგს“ 21 აპრილიდან მოყოლებული 34 დღის განმავლობაში 17 000 ლარის ჯარიმა დაუგროვდა. ყოველ გადაცილებულ დღეზე კი "ჰუალინგს" 500 ლარის საჯარიმო სანქცია ეკისრება.

რატომ გაჭიანურდა სასტუმროს მშენებლობა, ამ კითხვით bm.ge-მ „ჰუალინგის“ ერთ-ერთ აღმასრულებელ დირექტორს ნიკოლოზ გელენიძეს მიმართა.

„ეს არის ტექნიკური პრობლემა, რომელიც თავიდანვე გათვლილი არ იყო. რამდენჯერმე გვქონდა გამოცხადებული ტენდერი როგორც ესკიზზე, ასევე მის ვიზუალზე. აქ საუბარი იყო ამ შენობის ვარგისიანობაზე. კონსტრუქციული ექსპერტიზის დასკვნები ძალიან დიდ დროს დაიჭერდა, რადგან ამ შენობასთან სერიოზული პრობლემები იყო.

იყო საუბარი იმაზეც, ეს შენობა დარჩენილიყო თუ არა, ამაზე იყო მოლაპარაკებები. ყოველივე ამან ჩამოწია უკან პროექტის მსვლელობა. მაგრამ დღეს პროექტი პრაქტიკულად მზად არის, უკვე ხდება მისი შეჯერება, არის ლაპარაკი კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა დენდროლოგიური პროექტი, ასევე 41-ე დადგენილებასთან შესაბამისობა (რომელიც სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს ითვალისწინებს). ეს ნაწილი ცოტა პრობლემურია იმიტომ, რომ ოდნავ გვიან გამოვიდა, ვიდრე ჩვენ გვქონდა ნამუშევარი. სწორედ ამიტომ ახლა გვიწევს პროექტის დიდი ნაწილის გადაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ საერთო სიტუაციას ჩამოვრჩით, აუცილებლად დავეწევით და გავაკეთებთ ერთ-ერთ ულამაზეს სასტუმროს“-განაცხადა ნიკოლოზ გელენიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები