მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების 6 კანონქვემდებარე აქტიდან 2022 წლის 1 ივლისიდან 4 ძალაში უკვე შევიდა- მათ შორისაა მეორადი საბურავების, ზეთების, ელექტრონული მოწყობილობებისა და აკუმულატორების შესახებ რეგლამენტები, თუმცა ამ დრომდე უცნობია 2 დოკუმენტის ბედი. მათ შორისაა მეორეული ავტომობილები და მოცულობით ყველაზე დიდი შესაფუთი ნარჩენები. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კერძო სექტორი აცხადებს, რომ საკითხთან მიმართებით კომუნიკაცია 3 წლის წინ დაიწყო, თუმცა პროცესები დროში გაჭიანურდა და კონსენსუსი საბოლოო დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შესაფუთი ნარჩენების მართვა უნდა მოხდეს, ამ დრომდე მიღწეული არაა. დადგენილება, რომლის მიხედვითაც შესაფუთი ნარჩენების მართვა კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს წლების წინ ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა, თუმცა მაშინ თბილისის მუნიციპალიტეტმა მისი შეცვლა მოითხოვა. დაიდო სქემა, რომელსაც ბიზნესის კრიტიკა მოჰყვა. კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცვლილებები, რომელიც კანონქვემდებარე აქტში თბილისის მუნიციპალიტეტის ინიციატივით შევიდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპს არღვევდა. რა ეტაპზეა ნარჩენების მართვის რეფორმა ქვეყანაში, როდის ამოქმედდება შესაფუთი ნარჩენების რეგლამენტი, აქვს თუ არა კომუნიკაცია ბიზნესს საკითხთან მიმართებით როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან , ისე თბილისის მერიასთან?
სტუმარი: გივი კალანდაძე - შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებელთა გაერთიანება ააიპ "ჯორჯია ფლასის" თავმჯდომარე;