მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გადადგა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი?

მორგან მაკსვინი

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მორგან მაკსვინი გადადგა. მან გადაწყვეტილება აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ყოფილ ელჩსა და ჯეფრი ეფშტეინის ფაილებში არაერთხელ მოხსენიებულ პოლიტიკოს პიტერ მანდელსონს დაუკავშირა.

როგორც გადამდგარი ხელმძღვანელი წერს, ის სრულ პასუხისმგებლობას იღებს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისთვის მანდელსონის კანდიდატურის შეთავაზების გამო. “აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩად პიტერ მანდელსონის დანიშვნა პრემიერ-მინისტრს მე ვურჩიე და ეს დიდი შეცდომა იყო. შეცდომა, რომელმაც დააზიანა როგორც ჩვენი პარტია, ისე ქვეყანა და ის ნდობა, რაც ადამიანებს პოლიტიკის მიმართ ჰქონდათ. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას მომხდარის გამო და ვტოვებ იმ თანამდებობას, რომელზე მუშაობაც ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო” - განაცხადა მაკსვინიმ.

ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა გავრცელებულ წერილში მთავრობას მომავალი ელჩებისა თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირების შერჩევისას უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება და არსებული მექანიზმების სრული რეფორმირება ურჩია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი უკვე გამოეხმაურა ახლო მოკავშირის გადადგომას. მან მაკსვინის გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გამოთქვა სინანული, რომ თანამდებობა დატოვა იმ პირმა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღოდა მმართველი ლეიბორისტული პარტიის ისტორიულ გამარჯვებაში 2024 წლის ზაფხულში.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ პედოფილიისა და არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისთვის გასამართლებული გარდაცვლილი ფინანსისტის, ჯეფრი ეფშტეინის საქმესთან დაკავშირებული 3 მილიონი ფაილის გამოქვეყნებას დიდ ბრიტანეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამოვლინდა, რომ მანდელსონი 2008 წელს, მთავრობაში ვაჭრობის საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციაზე ყოფნისას აქტიურად უზიარებდა გასაიდუმლოებულ ფინანსურ დოკუმენტებს ეფშტეინს. მათ შორის ისეთ, რომელზე წვდომასაც ეფშტეინს საშუალებას მისცემდა, მილიონობით გირვანქა სტერლინგის სარგებელი ენახა ე.წ. ინსაიდერული ინფორმაციის დამსახურებით.

აღსანიშნავია, რომ მანდელსონის წინააღმდეგ გამოძიება სკოტლანდიარდმა, ანუ დიდი ბრიტანეთის პოლიციამ უკვე დაიწყო. გაიჩხრიკა მისი სახლი და შემოწმდა ყოფილი დიპლომატისა და პოლიტიკოსის ყველა მიმოწერა თუ დოკუმენტაცია. გამოძიებას სურს დაადგინოს, ზუსტად რა სახის ინფორმაციას აწვდიდა მანდელსონი ეფშტეინს 2008 წლის კრიზისის დროს. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა პოლიტიკური გუნდი უკვე დატოვა, ის ასევე გადადგა თემთა პალატიდან. ჯეფრი ეფშტეინის ფაილების მეშვეობით მანდელსონის სავარაუდო დანაშაულებრივი საქმიანობის გამოაშკარავებამ და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, პოლიტიკურად და რეპუტაციულად მნიშვნელოვნად დააზიანა ლეიბორისტული პარტია და მისი ხელმძღვანელი კირ სტარმერი. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ არ შეიძლება ქვეყანას მართავდეს ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე სახელმწიფო დოკუმენტაციების თაღლითებისთვის გადამცემს ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები