“არქი ჯგუფის” დამფუძნებელმა ილია წულაიამ გადაცემა “ბიზნესის კვირეულის” ეთერში მაიამის დეველოპერულ ბაზარზე შესვლის მიზეზების შესახებ ისაუბრა. გასული კვირის განმავლობაში კომპანიამ აშშ-ის ბაზარზე შესვლის შესახებ განაცხადა. კომპანია ფლორიდის შტატში, მაიამისთან, პომპანოს სანაპიროზე მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს.
პროექტი მოიცავს 100-მდე ბინას, სამუშაო, დასასვენებელ და სპორტულ სივრცეებს, ასევე, კომერციულ ფართსა და 129 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს. „არქი მაიამი“ – ასე ეწოდება კომპანიის პირველ გლობალურ პროექტს და ის ამერიკულ დეველოპერულ კომპანია Elit Group-თან თანამშრომლობით განხორციელდება.
ილია წულაიას განმარტებით, ფლორიდის ბაზრით მათი განსაკუთრებული დაინტერესება განაპირობა ფაქტმა, რომ ფლორიდა ამჟამად იქცა ახალ მიზიდულობის ცენტრად, რომელიც ჩრდილოეთის შტატებიდან მნიშვნელოვან მიგრაციულ ტალღას იზიდავს, რაც წინა პერიოდებისგან განსხვავებით ძირითადად ახალგაზრდა დემოგრაფიისგან შედგება. ამის გამო, მაიამის მიმდებარედ ურაბნული განვითარება საკმაოდ საინტერესო დეველოპერულ შესაძლებლობებს ქმნის.
აშშ-ის გარდა სხვა ბაზრებზე საუბრისას ილია წულაიამ აღნიშნა, რომ დასავლეთ ევროპაში დეველოპერული პროექტების განვითარება გაცილებით უფრო დიდ ბიუროკრატიულ ბარიერებთან არის დაკავშირებული.
“კოვიდის შემდეგ ფლორიდა აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი შტატი გახდა. ძალიან ბევრი ადამიანი ჩრდილოეთიდან ფლორიდაში ადავიდა საცხოვრებლად, დისტანციური მუშაობა კი შესაძლებელს ხდის ხალხი თბილ ამინდში იყოს და დისტანციურად მუშაობდეს ჩრდილოეთის შტატებში. აქედან გამომდინარე საკმაოდ დიდი მიგრაცია, თუკი ადრე ფლორიდა ითვლებოდა საპენსიო შტატად ახლა ახალგაზრდების მიგრაცია გააქტიურდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენც რომ პირველი პროექტი ყველაზე ცხელ წერტილში დაგვეწყო, პომპანოს სანაპიროსთან. თავად მაიამი დატვირთულია წარსული მშენებლობებით და მომიჯნავე ტერიტორიაზე ძალიან დიდი განვითარება შედის ახლა. ჩვენ სხვა ქვეყნებსაც ვაკვირდებით, თუმცა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ფაქტობრივად შეუძლებელია განვითარება ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე მათ შორის ბიუროკრატიული ფაქტორებიდან და იმ სირთულეებიდან გამომდინარე რაც სხვადასხვა ნებართვას ესაჭიროება.
პროექტი 2024 წელს დაიწყება და მას დაახლოებით 2.5 წელი სჭირდება. ამჟამად ვკრავთ დაფინანსებას. მიწის ნაკვეთი უკვე საკუთრებაში გვაქვს. ნებართვას ველოდებით, დაფინანსება შეიკვრება და სისტემა სხვანაირია, სრული დაფინანსებული უნდა იყოს როგორც დეველოპერის ასევე ბანკის მიერ,”- განაცხადა ილია წულაიამ.