ბოლო წლებში, უზბეკეთში ბევრმა ქართულმა კომპანიამ დაიწყო ოპერირება, მაგრამ თავად ამ ტენდენციის ჩამოყალიბება “თიბისი ჯგუფს” უკავშირდება, რომელმაც ამ 36-მილიონიან ქვეყანაში სრულად ციფრული ბანკი, TBC UZ-ი შექმნა და იმდენიც მოახერხა, რომ გაშვებიდან ორი წლის შემდეგ - მოგებაზე გაიყვანა. დღეს, “თიბისი ჯგუფს” ოცი მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რომელთა უდიდესი ნაწილი, სწორედ უზბეკეთში არის კონცენტრირებული.
მაშ, რატომ გადაწყვიტა “თიბისი ჯგუფმა” საერთაშორისო გაფართოება და რატომ აირჩია უზბეკეთი? - ამ კითხვაზე, BMG Talks-ში “თიბისი უზბეკეთის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ქურდიანმა უპასუხა. როგორც ბანკირი ამბობს, საერთაშორისო გაფართოებაზე ფიქრი ჯგუფმა ჯერ კიდევ 2016 წელს, “რესპუბლიკა ბანკის” შესყიდვის შემდეგ დაიწყო, რამაც თიბისის ბაზრის წილი 40%-მდე გაზარდა.
“თიბისის საერთაშორისო გაფართოების გადაწყვეტილება რომ ავხსნათ, 2016 წელი უნდა გავიხსენოთ, როცა თიბისისა და “რესპუბლიკა ბანკის” შერწყმა შედგა, რითაც თიბისი ქვეყანაში და რეგიონში უდიდეს საბანკო ინსტიტუტად იქცა. იმ დროს ვთქვით, რომ ბაზრის წილის კონტექსტში ზრდა იქნებოდა, მაგრამ არ იქნება ისეთი დიდი, როგორც მანამდე, რადგან ეს მაჩვენებელი უკვე 40%-ის ფარგლებში იყო, რის გამოც ვიფიქრეთ, რომ განვითარება სხვა ბაზრებზე გაგვეგრძელებინა.
პარალელურად ამისა, საქართველოში მიმდინარეობდა Space-ის ე.წ. “Proof of Concept-ის” ექსპერიმენტული განვითარება და Space-ის იდეაც სწორედ ეს იყო. გასაგებია, რომ საქართველოში, სადაც თიბისი ყველა ოჯახის ერთი წევრის ბანკი მაინც არის, Space-ის დამატებითი საჭიროება არ არსებობდა. ეს იყო ექსპერიმენტი, რომლითაც გვსურდა გაგვეაზრებინა, თუ რამდენად შეგვეძლო ცალკე მდგომი ციფრული ბანკის შექმნა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე გამოყენება. საბოლოოდ, სწორედ ეს მოხდა - 2018 წელს უზბეკეთში ჩავედით და გადავწყვიტეთ, Space-ი იქ გამოგვეყენებინა”, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა BMG Talks-ში.
“თიბისი უზბეკეთის” გენერალურმა დირექტორმა, ჩვენთან ინტერვიუში იმ პარამეტრებზეც ისაუბრა, რომელთა გამო “თიბისი ჯგუფი” სწორედ უზბეკეთზე კონცენტრირდა და არა რომელიმე სხვა ქვეყანაზე. მნიშვნელოვან პარამეტრებს შორის, ნიკა ქურდიანი უზბეკეთის მოსახლეობის სიდიდეს, სმარტფონებისა და ინტერნეტის მაღალ პენეტრაციას და ახალი ტექნოლოგიების მიმართ ღიაობას ასახელებს.
“იმ დროს, უზბეკეთში, 32 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა და თან, მოსახლეობა ყოველწლიურად, საშუალოდ, 700 ათასამდე ადამიანით იზრდება. თუ 2018 წელს, იქ 32 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს უზბეკეთი 36 მილიონ მოსახლეს ითვლის და თუ ზრდა ამ ტემპით გაგრძელდა, სულ მალე, მოსახლეობა 40 მილიონს გასცდება.
ინტერნეტთან კავშირი 31 მილიონ ადამიანს აქვს, მობილურ ტელეფონს კი - 30 მილიონ ადამიანზე მეტი ფლობს. პლასტიკური ბარათების ცირკულაცია 46 მილიონ ცალს ითვლის, ანუ გადახდების ჭრილში, საბანკო პენეტრაცია, საკმაოდ მაღალია, მაგრამ საპირწონედ ამისა, სესხების ბიზნესში, საბანკო პენეტრაცია - საკმაოდ დაბალია.
ამ ყველაფრის ფონზე, უზბეკეთი ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობს, რაც ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე იქ ოპერირებას ამარტივებს. კულტურულად, უზბეკეთი ძალიან ახლოს არის საქართველოსთან. ეს ყველაფერი, უზბეკეთში სწრაფი განვითარების საშუალებას ქმნის. თან, იმ რეფორმებიდან და ტემპიდან გამომდინარე, რაც განვახორციელეთ, უზბეკეთში და ცენტრალურ აზიაში საქართველოს კარგი რეპუტაციული კაპიტალი აქვს დაგროვებული”, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა BMG Talks-ში.