საავტომობილო ინდუსტრია მასშტაბური გარიგების წინაშეა, როგორც ჩანს, იაპონურმა გიგანტმა, Honda-მ მის კონკურენტ კომპანიასთან, Nissan-თან გაერთიანება გადაწყვიტა. ამ ეტაპზე, გარიგების დეტალები უცნობია, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიების შერწყმის მიზანი ახალი თაობის EV-პლატფორმების შექმნა და ერთიანი ძალებით შექმნილი ავტომობილებით ჩინური კომპანიებისთვის სათანადო კონკურენციის გაწევაა.
ცხადია, ეს გაერთიანება თანასწორუფლებიანობას არ გულისხმობს და Honda უფრო მეტად Nissan-ის მფლობელის როლს მოირგებს, ვიდრე პირდაპირი პარტნიორის, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ Honda თითქმის 4-ჯერ უფრო დიდი კომპანიაა, ვიდრე გაკოტრების პირას მყოფი Nissan-ი.
დიახ, გაკოტრება ტყუილად არ გვიხსენებია, რადგან Nissan-ი მორიგი ის კომპანიაა, რომელმაც ჩინური კონკურენტების ზეწოლას ვერ გაუძლო და ფინანსური კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდა. როგორც Financial Times-ის ანგარიშიდან ირკვევა, თუკი არსებული ვითარება არ შეიცვალა და კომპანიის რესტრუქტურიზაციის სტრატეგია ვერ გაამართლებს, მაშინ დაახლოებით 1 წელიწადში Nissan-ს გაკოტრების გამოცხადება და წარმოების შეჩერება მოუწევს.
90-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდის კოლაფსის ზღვარზე აღმოჩენა ჩინეთის, ამერიკისა და ევროპის ბაზარზე გაყიდვების დრამატულ შემცირებას უკავშირდება, რასაც, თავის მხრივ, ჩინური, ამერიკული, იაპონური და კორეული ავტომწარმოებლებისგან მომავალი ზეწოლა განაპირობებს. მოგეხსენებათ, Nissan-ის გაყიდვების უდიდესი ნაწილი ბიუჯეტურ ავტომობილებზე მოდის, ამ მიმართულებით კი კონკურენტების რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება, რაც Nissan-ის ბაზრის წილს მნიშვნელოვნად ამცირებს.
როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Nissan-ის მოგება 85%-ით შემცირდა და წლიური პროგნოზი $1-მილიარდიან ნიშნულს ჩამოსცდა. გარდა ამისა, გაყიდული ავტომობილების რაოდენობა 4%-ითაა შემცირებული, ანუ კომპანიას პროდუქციის რეალიზაცია ნაკლები მოგების მარჟით უწევს, რასაც კონკურენტების მხრიდან შემცირებული ფასები განაპირობებს.
ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, Nissan-მა რესტრუქტურიზაციის სტრატეგია წარმოადგინა, რომელიც სამუშაო ძალის 9,000 თანამშრომლით შემცირებას, ხარჯების ოპტიმიზაციას, გლობალური წარმოების 20%-ით შემცირებას და ეფექტიანობის გაზრდას მოიაზრებს. გარდა ამისა, კომპანიის გენერალური დირექტორი საკუთარ ანაზღაურებას 50%-ით ამცირებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია ნამდვილად რთულ ვითარებაშია.
Nissan-ის დაღმასვლა ფრანგულ Renault-თან პარტნიორობის გაუქმებით დაიწყო, რომელსაც შემდეგ ჩინური ავტომწარმოებლებისგან „ფასების ომის“ დაწყება და ელექტრიფიკაციის ტენდენცია მოჰყვა, რომელსაც იაპონურმა ბრენდმა ფეხი სათანადოდ ვერ აუბა.
ამჟამად Nissan-ის გადარჩენის საკითხი პირდაპირაა დამოკიდებული ზემოხსენებული რესტრუქტურიზაციის სტრატეგიის ეფექტიანობაზე და Honda-სთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზე. ამ გარიგებაზე ინვესტორები იმდენად დიდ იმედს ამყარებენ, რომ ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში Nissan-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 23%-ით გაიზარდა. მართალია, იმედის ნაპერწკალი უკვე არსებობს, თუმცა ზეიმი ჯერაც ნაადრევია, რადგან შერწყმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ Honda-ს ინვესტორებმა უნდა დაადასტურონ და შემდეგ ქვეყნის მარეგულირებელმა მწვანე შუქი უნდა აანთოს, რასაც რამდენიმე თვე შეიძლება დასჭირდეს, ფუჭად დასაკარგი დრო კი Nissan-ს ნამდვილად არ აქვს. ასევე არც ის ვიცით, თუ რამდენად წარმატებული იქნება ამ იაპონური ბრენდების გაერთიანება, რადგან ჩინეთისგან მომავალი საფრთხე იმდენად დიდია, რომ მასთან გასამკლავებლად მხოლოდ ახალი ავტომობილების შექმნა არ არის საკმარისი, ფასების ომში ჩინეთის დამარცხება კი ჯერ ვერავინ შეძლო, ამიტომ ვნახოთ, არ არის გამორიცხული, პირველმა სწორედ იაპონურმა „გოძილამ“ შეძლოს ჩინური დრაკონის დამარცხება.