მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადავიდა F1-ის საუკეთესო დიზაინერი Aston Martin-ში?

ადრიან ნიუი

Formula 1-ის ლეგენდარულმა დიზაინერმა და ინჟინერმა, ადრიან ნიუიმ 20-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, Red Bull Racing-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ბრიტანულ Aston Martin Racing-ში გადაინაცვლა, რომელმაც „ტალანტების აუქციონზე“ Ferrari-ს, McLaren-სა და Williams-ს აჯობა, რადგან ნიუის გადაბირებით თითქმის ყველა გუნდი იყო დაინტერესებული, რაც გასაკვირი არავისთვის არ უნდა იყოს.

65 წლის დიზაინერის მიმართ არსებულ ინტერესს ის ფაქტი განაპირობებს, რომ ნიუის დაახლოებით ისეთი სტატუსი აქვს საავტომობილო ინდუსტრიაში, როგორიც მოცარტს მუსიკაში. ნიუის მიერ შექმნილ ბოლიდებს რეკორდული 200-მდე გრან-პრი და 25 ჩემპიონატი აქვთ მოგებული, რაც მას Formula 1-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ დიზაინერად აქცევს.

Aston Martin-ის გუნდს ნიუი 2025 წლის მარტიდან შეუერთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კალმით შექმნილ პირველ ბოლიდს 2026 წელს ვიხილავთ, რაც ზუსტად ემთხვევა F1-ში ახალი რეგულაციების ამოქმედების თარიღს, რომელზედაც Ferrari, Mercedes-AMG და Aston Martin Racing-ი დიდ ფსონებს დებენ.

როგორც ცნობილია, ნიუი სილვერსტოუნში, ულტრა-თანამედროვე ქარხანაში იმუშავებს, სადაც მას არსენალში ახალი თაობის კომპიუტერული მოწყობილობები, დანადგარები და ულიმიტო რესურსები ექნება. ნიუის ფანტაზიას და Aston Martin-ის ამბიციებს კანადელი მილიარდერი ლოურენს სტროლი დააფინანსებს, რომელიც Aston Martin-ის მფლობელია. უნდა აღინიშნოს, რომ სტროლს მხოლოდ კომერციული ინტერესი არ ამოძრავებს, მისი ვაჟი, ლენს სტროლი F1-ის პილოტია, რომელიც სწორედ Aston Martin-ის საჭესთან ზის, შესაბამისად, საუკეთესო ბოლიდის შექმნა სტროლის, როგორც მამის საუკეთესო ინტერესშია. თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ მეორე Aston-ის ბოლიდს ფერნანდო ალონსო მართავს - ადამიანი, რომელიც F1-ის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მრბოლელად ითვლება.

როგორც ნიუი აცხადებს, მას ერთი სული აქვს, Aston Martin-ისთვის ახალი ბოლიდი შექმნას და კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ ის შეუდარებელი დიზაინერია. თანაც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნიუის და AMR-ის პირველი თანამშრომლობა არ არის, რადგან Aston Martin-ის და Red Bull Racing-ის პარტნიორობის პერიოდში, ნიუიმ სერიული წარმოების ჰიპერქარები - Aston Martin Valkyrie და Valhalla შექმნა, შესაბამისად, მაესტროს ხელწერას და ხასიათს ბრიტანეთში კარგად იცნობენ. როგორც ცნობილია, ტექნიკური დირექტორის პოზიციის გადაბარებასთან ერთად, ნიუი Aston Martin-ის წილს მიიღებს და თან მისი წლიური ანაზღაურება $40 მილიონის ფარგლებში იქნება, რაც ამ პოზიციაზე დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია და ამ რიცხვით ნიუი F1-ის პილოტებს უტოლდება, რაც მის სტატუსსა და გავლენაზე მიუთითებს.

Red Bull Racing-ის დატოვების მიზეზებს რაც შეეხება, როგორც ნიუი აღნიშნავს, მისთვის RB-ში არსებული გარემო ზედმეტად მოსაწყენი, მონოტონური და ტოქსიკური გახდა, ამიტომ მას გარემოს შეცვლა და ახალ გამოწვევებთან შეჭიდება სურს, ხოლო 2026 წლის ახალი რეგულაციები ნიუისთვის უდიდეს შესაძლებლობას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები