იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, თუ რატომ გაძვირდა ქართული პასპორტისა და პირადობის დამზადება.
"საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ფასების ზრდა უკავშირდება მათ გაძვირებას მსოფლიო ბაზარზე. ქართული პასპორტები და პირადობის მოწმობები მზადდება საქართველოს საზღვრებს გარეთ, შესაბამისად, როდესაც პასპორტების ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე იზრდება, რა თქმა უნდა, საქართველოშიც ხდება ამ ფასების გონივრულად მისადაგება", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
ინფორმაციისთვის: 2022 წლის 1 მაისიდან საქართველოში პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღება გაძვირდა. პირადობის საფასური 30 ლარიდან 60 ლარამდე გაიზარდა, ბიომეტრიული პასპორტის კი 100 ლარიდან 150 ლარამდე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ტარიფების ცვლილება ამ დოკუმენტების წარმოების თვითღირებულების გაძვირებამ განაპირობა. კერძოდ, პირადობის მოწმობის თვითღირებულება 44 ლარს, პასპორტის თვითღირებულება კი 98 ლარს შეადგენდა.