მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა თხევადი აირი?

6335aeccc8cfa
თათია ჩაფიჩაძე
30.09.22 10:30
1026
რუსეთის ფედერაციიდან შემომსვლელ მოქალაქეთა მზარდი ნაკადების გამო ლარსის გამშვებ პუნქტზე სატვირთო გადაზიდვები შეფერხებულია. ბოლო ერთი კვირაა კომპანიები საქართველოში თხევადი გაზის იმპორტს ვერ ახორციელებენ, რის გამოც ბაზარზე დეფიციტი შეიქმნა. გაზგასამართი სადგურების ნაწილში თხევადი აირი აღარ იშოვება, მეორე ნაწილში კი ფასი 1.50-დან 2.20, ზოგიერთ შემთხვევაში კი 2.40 ლარამდე გაიზარდა.

თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია ამბობს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ფასის ზრდას ადგილი არ ჰქონია, გაძვირების ერთადერთი მიზეზი კი ბაზარზე არსებული დეფიციტია, რომელიც სავარაუდოდ, მომდევნო 4-5 დღიან პერიოდში უნდა ამოივსოს.

„საქართველოში თხევადი გაზის 90% შემოდის ლარის გამშვები პუნქტიდან. ახლა ვინაიდან შეფერხებებია და დიდი რაოდენობით ადამიანები გადმოდიან ავტომობილებით, ფეხით თუ ველოსიპედებით, სატვირთო ავტომობილები ვერ ახერხებენ გამოსვლას, ამან შექმნა დეფიციტი, მდგომარეობა ალბათ 4-5 დღის განმავლობაში უნდა დასტაბილურდეს და კრიზისიც მოიხსნება.

ობიექტური მიზეზი ფასის ზრდისა არ ყოფილა, არ გაძვირებულა მოწოდების ფასი არის უბრალოდ დეფიციტი. თავისთავად ის ფაქტი, რომ მძღოლები 3-4 დღის ნაცვლად ახლა 2 კვირაა გაჭედილები არიან, ზრდის ტრანსპორტირების ხარჯს, მაგრამ ეს არ არის ისეთი შესამჩნევი რომელიც ასე მკვეთრად უნდა აისახოს. როგორც კი მდგომარეობა დასტაბილურდება და იმპორტი განახლდება, ღირებულება ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.“ - განაცხადა BMG-თან თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა ხოფერიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები