მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გაძვირდა ზეთი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტება

60648f5928970
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.21 19:00
1633
საქსტატის მონაცემებით, ზეთი და სხვა ცხიმები არის პროდუქტი, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდა. თებერვლის ინფლაციის დეტალური ანგარიშის თანახმად, მცენარეული ზეთის ფასი წლიურ ჭრილში 62%-ით არის გაზრდილი. უკანასკნელი კვირების განმავლობაში არაერთ სავაჭრო პუნქტში ამ საქონლის ღირებულება კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რასთან დაკავშირებითაც მომხმარებლები სოციალურ ქსელებში უკმაყოფილებას გამოთქვამენ. დღეს გამართულ ონლაინსესიაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მცენარეული ზეთის ფასის ზრდას იწვევს როგორც ლარის გაუფასურება, ასევე ამ სასაქონლო ჯგუფზე საერთაშორისო ფასების ზრდა.

"ამ დღეებში ძალიან აქტუალურია და სოციალურ ქსელშიც ბევრჯერ ვნახე, სურათის დაპოსტვა ხდება, სადაც მცენარეული ზეთის ფოტოებია, რომ ფასი მომატებულია მასზე და არის 8 ლარი. რა თქმა უნდა, ეს კარგი არაა და სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული. მისი მიზეზია ლარის გაუფასურება, ასევე მიზეზია ამ პროდუქტზე საერთაშორისო ფასების გაზრდაც, რაც პანდემიამ გამოიწვია“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

საქსტატის თანახმად, წლიურ ჭრილში 18%-ით არის გაძვირებული მარგარინის ღირებულება, კარაქის საფასური კი წლიურად 11%-ით არის გაზრდილი. მთლიანობაში სურსათის ღირებულება წლიურ ჭრილში 6.2%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები