“სოკარ ჯორჯია გაზი” მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
კომპანიის ინფორმაციით, გარე ტემპერატურის თუნდაც 1 გრადუსით დაწევა იწვევს გაზის ხარჯის 3-4%-ით ზრდას.
გთავაზობთ კომპანიის განმარტებას ვრცლად:
“მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვებთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული დიდი რაოდენობის ზარების გათვალისწინებით, გვსურს გაგიმარტოთ იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის ხარჯების მომატებასთან.
1. კვლევების თანახმად ცნობილია, რომ გარე ტემპერატურის თუნდაც 1 გრადუსით დაწევა იწვევს გაზის ხარჯის 3-4%-ით ზრდას. თუ თქვენს საცხოვრებელ სახლში გამათბობელი გარკვეულ ტემპერატურაზეა დაყენებული, თქვენი დანადგარი მუშაობს შესაბამისი დატვირთვით, მაგრამ როგორც კი გარეთ ტემპერატურა დაიწევს ,იმისათვის რომ შენარჩუნდეს სასურველი ტემპერატურა თქვენს სახლში, დანადგარს უწევს მეტი დატვირთვით მუშაობა, რაც შესაბამისად ზრდის გაზის მოხმარებას/ხარჯს. აქვე გასათვალისწინებელია წყლის ტემპერატურის ცვალებადობა. რაც უფრო დაბალია შემომავალი წყლის ტემპერატურა, მით მეტი ენერგიაა (მოცემულ შემთხვევაში ბუნებრივი გაზი) საჭირო მის გასათბობად.
2. იანვრის თვე დატვირთულია დღესასწაულებით. რაც ბუნებრივია აისახება გაზის მოხმარებაზე. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, თუ თქვენ კვლავ არ ეთანხმებით იანვრის თვეში განხორციელებულ დარიცხვას, შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე 16 114, სადაც ოპერატორები მოგაწოდებენ ინფორმაციას გასული წლების ანალოგიურ პერიოდის ხარჯებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ შედარებითი ანალიზი, ან მიმართოთ კომპანიის რაიონულ სერვის ცენტრებს, სადაც ინდივიდუალურად განიხილავენ თქვენს საკითხს.
ასევე თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი მრიცხველი გამართულად არ მუშაობს, შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი შემოწმება, თქვენი მომართვის საფუძველზე მრიცხველი გაიგზავნება ექსპერტიზაზე და იმ შემთხვევაში თუ დადგინდა რომ მრიცხველი აღრიცხავს ცდომილებით, თქვენი ხარჯი დაკორექტირდება და ექსპერტიზის ხარჯს დაფარავს კომპანია, ხოლო თუ დადგინდება მრიცხველის გამართული მუშაობა, ხარჯები დაიფარება განმცხადებლის მიერ”,- ნათქვამია განცხადებაში.

























