“პრინციპში, როგორც სხვა მრავალი საკითხი, ეს საკითხიც გაიჭედა ბიუროკრატიულ სისტემაში”, - ასე უპასუხა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ bm.ge-ის კითხვას, რომელიც კომერციული ატაშეების დანიშვნის გაჭიანურების მიზეზებს შეეხებოდა.
ცნობისთვის: მთავრობა რომ კომერციული ატაშეების ინსტიტუტს შექმნიდა, ეს გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2016 წლის 13 ივნისს, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე დაანონსა. მაშინ ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო. 2016 წლიდან დღემდე სულ ხუთჯერ შეიცვალა ეკონომიკის მინისტრი - ამ პერიოდში ქუმსიშვილს მეორე წრეზეც მოუწია ეკონომიკის მინისტრობა. მინისტრის პორტფელი ებარა გიორგი გახარიას, ასევე რამდენიმე კვირა - გიორგი ჩერქეზიშვილს, რვა თვით მინისტრი იყო გიორგი ქობულიაც და უკვე მე-6 მინისტრია ნათია თურნავა, თუმცა 6 კომერციული ატაშე, რომელსაც შემდეგ მე-7 ქვეყანაც დაემატა, ამ დრომდე არაა დანიშნული.
სამი წლის განმავლობაში - 2016 წლიდან 2019 წლამდე მინისტრების ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა მთავრობის „გემოვნება“ კომერციული ატაშეების ინსტიტუტის შესახებ. ბოლო ინფორმაციით, კომერციული ატაშის ნაცვლად საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური დესპანები ეყოლება, რომელიც რანგით უფრო მაღლა დგას, ვიდრე - ატაშე და მათი შერჩევა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსის გზით დაიწყო და bm.ge-ის ინფორმაციით, შერჩეულიც კი ჰყავდა კანდიდატები, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაიბარა.
გიორგი ქობულიაც ამბობს, რომ კომერციული დესპანების შერჩევა ბიუროკრატიული მიზეზების გამო გაჭიანურდა.
მისივე თქმით, აუცილებელია, მუშაობის გაძლიერება უცხოელი ინვესტორების შემოსაყვანად.
- გახსოვთ, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ საზღვარგარეთ უნდა გვყოლოდა კომერციული ატაშეები, ეს სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს.
- ბატონო გიორგი, სამ წელზე მეტი გავიდა კომერციული ატაშის ინსტიტუტის დაანონსებიდან; თქვენც ხომ იყავით ეკონომიკის მინისტრი - რით ვერ შეარჩიეთ ამდენი ხანი ეკონომიკური დესპანები?
- კადრები შერჩეული იყო, მაგრამ შემდეგ ჩვენ სხვა სქემით წავედით, რომ უნდა გაგვეკეთებინა საელჩოებთან... პრინციპში, როგორც სხვა მრავალი საკითხი, ეს საკითხიც გაიჭედა ბიუროკრატიულ სისტემაში.
- ვინ ჭედავდა? რომელი რგოლი? მინისტრი თქვენ იყავით...
- ბევრი რგოლი იყო.. აქ არის სამინისტროებს შორის ლაპარაკი..
- ბიუროკრატია ხომ ადამიანებმა უნდა გაარღვიონ?
- ეს არაა მარტო ეკონომიკის სამინისტროს საკითხი. ესაა მთავრობაზე გასატანი თემა, ესაა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკითხი და ა.შ. დეტალებში ნუ ჩამეკითხებით... ინვესტიციების მოზიდვას რაც შეეხება, ის 6 თუ 7 კაცი არანაირად ამ საკითხს არ გადაწყვეტს სრულად. მაგალითად, სინგაპურს, რომელც ჩვენზე პატარა ქვეყანაა მოსახლეობით, 600 კაცი ჰყავს სამიზნე ქვეყნებში, რომლებიც ეძებენ ინვესტორებს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ეს სამუშაო, როგორც აზიის ქვეყნებთან, ისე - ევროპაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ პრაქტიკულად, არ გვყავს ინვესტორები და შედარებით სერიოზული კომპანიები, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ - არც აშშ-დან, არც ევროპიდან, დამისახელეთ რომელი კომპანიები გვყავს...
- არ გვყავს. უფრო მეტიც 2018 წელს საქართველოში FDI-ის მაჩვენებელი 35%-ით შემცირდა.
ცნობისთვის: საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 ეკონომიკური დესპანობის კანდიდატის შერჩევა უკვე დასრულებულია; ამჟამად კანდიდატები საგარეო უწყების დიპლომატიურ აკადემიაში იტენსიურ კურსს გადიან, რომლის დასრულების შემდეგ პოზიციებზე დაინიშნებიან და შესაბამის ქვეყნებში მიავლინებენ. კონკრეტულად, როდიდან შეუდგებიან დესპანები მუშაობას, კვლავ უცნობია.

























