ძვირად ღირებული ავტომობილების დილერი კომპანია Manhattan Motors-ი, რომელიც Bentley-ის, Lamborghini-ის და Bugatti-ის ავტომობილებით ვაჭრობს, აცხადებს, რომ ძვირად ღირებული ავტომობილების გაყიდვებისთვის პანდემია შესანიშნავი პერიოდი აღმოჩნდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის მიხედვით, აშშ-ში 2020-ში ბიუჯეტური ავტომობილების გაყიდვები 10%-ით შემცირდა 2019 წელთან შედარებით, თუმცა ავტომობილები, რომელთა ღირებულებაც 80,000-100,000 აშშ დოლარსაც კი აჭარბებს, თითქმის გაორმაგდა და 2020 წლის მეოთხე კვარტალში 63%-ით გაიზარდა.
ანალიტიკური კომპანია J.D. Power-ის ვიცე-პრეზიდენტი ტაისონ ჯომინი აღნიშნულ ტრენდს იმით ხსნის, რომ პანდემიის გამო მდიდრები შეზღუდულები არიან და ვეღარ ხარჯავენ დიდ თანხებს გართობასა და მოგზაურობაზე, შესაბამისად მათ გამოთავისუფლებული თანხების დახარჯვა ძვირად ღირებულ ავტომობილებზე გადაწყვიტეს.
ავტოკონცერნ Bentley-ის განცხადებით, გასულ წელს 11,206 ავტომობილი და ქროსოვერი გაყიდეს, რაც 100 მანქანით აჭარბებს 2019 წლის მაჩვენებლებს. Bentley-ის მოდელებზე განსაკუთრებული მოთხოვნა ჩინეთიდან დაფიქსირდა, აღნიშნულ ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდამ თითქმის 50% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელი წარმატებული აღმოჩნდა Lamborghini-ისთვის, ბრენდმა გასულ წელს 7,430 ძვირად ღირებული ავტომობილი გაყიდა.

























