ამერიკული ტექ-გიგანტის, Oracle-ის აქციების ფასი 11%-ით გაიზარდა. ამის გამომწვევი მიზეზი გახდა კომპანიის მიერ 2030 ფისკალური წლისთვის ახალი პროგნოზის გამოქვეყნება, რომლის თანახმადაც ის 4 წელიწადში წლიური შემოსავლის $225 მილიარდამდე ზრდას მოელის.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში წარდგენილ დოკუმენტში Oracle-მა მიუთითა, რომ მომწოდებლებისა და დამკვეთების მხრიდან წინასწარი დაფინანსება საწყის ფულად ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. კომპანიის გათვლებით, თავისუფალი ფულადი ნაკადი დადებით ნიშნულს 2028 ფისკალური წლის მეორე ნახევარში მიაღწევს, მომდევნო წელს კი $30 მილიარდს გადააჭარბებს. ამასთან, 2030 ფისკალურ წელს Oracle-ის საოპერაციო მარჟა 40%-ს გადააჭარბებს.
ინფორმაციისთვის, მზარდი საპროცენტო განაკვეთებისა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯების გამო, Oracle-მა მიმდინარე წელს საბაზრო ღირებულების თითქმის მესამედი დაკარგა. S&P-ის მონაცემებით, კორპორაციას $117 მილიარდის მოცულობის გრძელვადიანი ვალი აქვს და ინარჩუნებს BBB- საკრედიტო რეიტინგს, რაც საინვესტიციო კატეგორიის ყველაზე დაბალი საფეხურია.
ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად და Google-თან თუ Amazon-თან კონკურენციის მიზნით, Oracle-ის კაპიტალური დანახარჯები 2026 ფისკალურ წელს გაორმაგდა და $55.7 მილიარდი შეადგინა. FactSet-ის ანალიტიკოსები კი მოელიან, რომ მიმდინარე ფისკალურ წელს კორპორაციის კაპიტალური ხარჯები კიდევ 65%-ით გაიზრდება და $91.9 მილიარდს მიაღწევს.
























