პოლონეთიდან ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხების მოცულობა იზრდება.
როგორც Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა, გადაცემა ,,საქმიან დილაში” განაცხადა, ამ ქვეყნიდან ფულადი გზავნილები რეკორდულად იზრდება.
,,ბოლო რამდენიმე თვეა, პოლონეთი ტოპ-10-ულშია. ნოემბრის თვეში კი, გზავნილების 355%-იანი ზრდა დაფიქსირდა”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საინტერესოა, ის ფაქტი, რომ აგვისტოდან მოყოლებული თურქეთიდან განხორციელებული გზავნილების მნიშვნელოვან კლებას აქვს ადგილი, რამაც ნოემბერში დაახლოებით, 20,5% შეადგინა; 3%-ითაა შემცირებული რუსეთიდან გზავნილებიც.
,,აღსანიშნავია, რომ ეს ვარდნა მთლიანად დააკომპენსირა და ჩაანაცვლა პოლონეთიდან განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა; არ გამოვრიცხავ, რომ თურქეთში დასაქმებულთა ნაწილმა, სწორედ პოლონეთში გადაინაცვლა”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ Galt & Taggart-ის მონაცემებით, 11 თვეში ფულადი გზავნილები 15%-ითაა გაზრდილი და მთლიანმა თანხამ 1,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მათივე გათვლებით, წლის ბოლომდე ეს თანხა 1,6 მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს.
,,აღსანიშნავია ორი ტენდენციაც, ფულად გზავნილებში ევროკავშირის წილი იზრდება, რუსეთის კი, მცირდება. მაგალითისთვის, ნოემბერში ევროკავშირის წილი 36% იყო, რუსეთის კი - 28%”, - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.