ელექტროველოსიპედების მწარმოებელმა კალიფორნიულმა სტარტაპმა, Juiced Bikes-მა გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა და მისი აქტივები აუქციონზე $1.2 მილიონად გაიყიდა. როგორც ცნობილია, კომპანიის ინტელექტუალური საკუთრება, ბრენდინგი, ვებგვერდი, მიწოდების ჯაჭვი და დარჩენილი მარაგი ანონიმურმა კონკურენტმა შეიძინა, რომლის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
Juiced Bikes-ის ვებგვერდზე უკვე რამდენიმე კვირაა, რაც პროდუქციის მარაგი ამოწურულია და მომხმარებლები ჩივიან, რომ კომპანიას მათთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს. რამდენიმე დღის წინ, კომპანიის ფინანსური პრობლემების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურდა და ცნობილი გახდა, რომ ის გაკოტრდა.
2009 წელს დაფუძნებულმა სტარტაპმა აშშ-ის ბაზარზე პოპულარობა ძლიერი, მოქნილი, სწრაფი და მრავალფეროვანი ელექტროველოსიპედების წარმოებით მოიპოვა. კომპანიის პროდუქცია განკუთვნილი იყო როგორც ყოველდღიური მგზავრობისთვის, ასევე თავგადასავლების მოყვარულთათვის, რომლებიც შორ მანძილზე გადაადგილდებიან და უგზოობაში გზას იკვალავენ.
მიუხედავად გარკვეული წარმატებისა, Juiced Bikes-მა ვერ გაართვა თავი პოსტპანდემიური პერიოდის შემდეგ ელექტროველოსიპედების ბაზარზე შექმნილ რთულ ფინანსურ გარემოს. მოგეხსენებათ, პანდემიური ბუმი მსგავს კომპანიებს ზრდის არნახულ შესაძლებლობას აძლევდა, თუმცა პოსტპანდემიურ პერიოდში ინვესტიციების და მოთხოვნის შემცირებამ ბაზარზე სერიოზული პრობლემები შექმნა, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით. შედეგად, კომპანიამ ვერ შეძლო ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და ბოლო ნაბიჯი, რაც მისი აქტივების აუქციონზე გაყიდვა იყო, მიუთითებს, რომ ის გამოუვალ კრიზისში იყო.
ელექტროველოსიპედი, იგივე e-bike, არის სტანდარტული ველოსიპედის გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელიც აღჭურვილია ელექტროძრავით, ბატარეით, მართვისა და დამუხტვის სისტემით. ეს ტექნოლოგია ველოსიპედს საშუალებას აძლევს, რომ უფრო მარტივად და სწრაფად გადაადგილდეს, რაც მას საკმაოდ პოპულარულ სატრანსპორტო საშუალებად აქცევს ქალაქებში, ტურისტულ მარშრუტებზე და მეგაპოლისებში.
ელექტროველოსიპედი საშუალებას აძლევს მძღოლს, ველოსიპედის მართვისას შეამციროს ფიზიკური დატვირთვა და გაზარდოს სიჩქარე, განსაკუთრებით აღმართზე ასვლისას ან ხანგრძლივი მგზავრობისას.