მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გამოიყო რთველის მხარდაჭერისთვის 20 მილიონი ლარი? - მინისტრის განმარტება

5d442f49d3100
სალომე მეცხვარიშვილი
02.08.19 16:24
1106
მთავრობა რთველის მხარდასაჭერად წელსაც 20 მილიონს გამოყოფს. აღნიშნული თანხა დაიხარჯება როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ყურძნის შესყიდვისთის, გადამუშავებისთვის, დასაწყობებისა და შენახვისთვის. შესაბამისი პირდაპირი შესყიდვის თანხმობა "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ მმართველობაში მყოფ“ ს.ს „აკურას“ მთავრობამ უკვე მისცა.

რატომ გამოიყო რთველის მხარდაჭერისთვის 20 მილიონი ლარი? - ეს კითხვა bm.ge-მ სოფლის მეურნეობის მინისტრს დაუსვა.

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ რთველის სუბსიდირებას, რაზეც ხელისუფლებამ უკვე მეორე წელია უარი თქვა. როგორც ჩანს, “აკურასთვის” გამოყოფილი თანხით მთავრობა გარკვეულად თავს იზღვევს, რომ ბაზარზე გაუსაღებელი ყურძენი არ დარჩეს.

“თქვენ იცით, რომ ჩვენ ფასის სუბსიდირებიდან გამოვედით, გამოვედით მათ შორის საკრედიტო დახმარებებიდან. ფაქტობრივად ღვინის სექტორს ჩვენ დღეს არანაირი ინსტრუმენტით თანადაფინანსებას არ ვუკეთებთ. პირველი წელი იყო შარშან, როდესაც სახელმწიფომ სრულიად საბაზრო პრინციპები დატოვა ღვინის სექტორში. წელს არის მეორე წელი, თუმცა, ჩვენ ვისაუბრეთ გარკვეულ არასტაბილურ გარემოზე, რომელიც შეიქმნა პოლიტიკური პროცესების გამო.

რა თქმა უნდა, ამან იმოქმედა მათ შორის გარკვეულ დარგებზე და არ იყო გამონაკლისი ღვინის სექტორი. როცა გაჩნდა განცდები, რომ შეიძლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზრებზე ყოფილიყო რეალიზაციის პრობლემები, ამან რა თქმა უნდა, ღვინის მწარმოებლების გადაწყვეტილებებზე ყურძნის შეძენის კუთხით შეიძლება იმოქმედოს. იმისთვის, რომ მოსავალი არ დარჩეს ჩაუბარებელი ჩვენ ვაძლევთ საშუალებას სახელმწიფო კომპანია “აკურას”, რომ ის იყოს მზად - იმ შემთხვევაში თუ იქნება ჭარბი მოსავალი, ზუსტად ეს ჭარბი მოსავალი დაბინავდეს.

თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, რომ არც შარშან და არც წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო კომპანიისთვის არ ყოფილა გამოყოფილი ფული. ეს არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, მას აქვს კერძო კომერციული ოპერაციები. ხშირ შემთხვევაში ის არის მომგებიანი ოპერაციები, გარკვეულწილად ის სტაბილურობის როლს თამაშობს. კომპანიას უბრალოდ ეძლევა უფლება, საჭიროების შემთხვევაში მან განახორციელოს შესყიდვები და არა ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაიმე ფულს ვუყოფთ კომპანიას”,- აცხადებს დავითაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები