ბრაზილია მასობრივმა პროტესტმა მოიცვა. სან პაულოში, რიო დეჟანეიროში, სალვადორსა და დედაქალაქ ბრაზილიაში ათასობით მოქალაქეები პარტლამენტში შეტანილი იმ კანონ-პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ და მისი მოკავშირეები შეწყალებას მიიღებენ და სასჯელაღსრულების დაწესებულებას დაუყოვნებლივ დატოვებენ.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააკავეს და მას უზენაესმა სასამართლომ 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასთან ერთად ციხეში მოხვდნენ ის პოლიტიკური თუ სამოქალაქო პირები, რომლებიც, 2022 წელს არჩეული ხელისუფლების ძალადობრივად დამხობას და არჩევნების შედეგების შეცვლას ცდილობდნენ.
აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი მხოლოდ ჟაირ ბოლსონარუს შესაძლო შეწყალება არაა. პარლამენტში წარდგენილი კანონ-პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში შევა ცვლილება და ნებისმიერი პარლამენტარის წინააღმდეგ საქმის აღძვრას და გამოძიების დაწყებას საპარლამენტო უმრავლესობის თანხმობა დასჭირდება.
ბრაზილიის ქალაქებში გამართულმა საპროტესტო აქციებმა ყურადღება მხოლოდ მისი პოლიტიკური შინაარსის გამო არ მიიქცია. დემონსტრანტებს შეუერთდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც კაეტანო ველოსო, გილბერტო გილი და ჩიკო ბუარკო არიან. მათ აქციის ფარგლებში მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბრაზილიის პარლამენტში წარმოდგენილი კანონ-პროექტი “დაუსჯელობის სინდრომის” ჩამოყალიბების საფრთხეს აჩენს, რადგან თუ გამოძიების დაწყება საპარლამენტო უმრავლესობის თანხმობის გარეშე ვერ იქნება შესაძლებელი, ეს თავად უმრავლესობის ლიდერებსა და მაღალი თანამდებობის პირებს კანონგარეშე ნაბიჯების გადადგმისთვის ხელ-ფეხს შეუხსნის.




























