ბოლო დროს, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Boeing-ის საქმე, მარტივად რომ ვთქვათ, ცუდადაა. 2024 წლის იანვარში, ამერიკული კომპანიის თვითმფრინავს შუა ფრენისას კარი მოსძვრა, რასაც სისხლის სამართლის საქმე მოჰყვა, ხოლო სექტემბერში პრობლემები შეექმნა Boeing-ის რაკეტას, რამაც ორ ასტრონავტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაურკვეველი ვადით დარჩენა აიძულა. გასულ კვირას კი, Boeing-ის კოსმოსური თანამგზავრი გაურკვეველი მიზეზით გაფუჭდა და დაიშალა.
ამ ყველაფრის ფონზე, როგორც ჩანს, Boeing-ის ხელმძღვანელობა კომპანიის კოსმოსური ბიზნესის გაყიდვას გეგმავს. თუკი Boeing-ის გენერალური დირექტორის, კელი ორტბერგის გეგმა შესრულდა, კომპანია რამდენიმე მილიარდს მიიღებს, რომელსაც შიდა პროცესების გაუმჯობესებას და მოგებიანი დეპარტამენტების განვითარებას მოახმარს. კოსმოსური ბიზნესის გაყიდვის სიახლე, ამ ეტაპზე, დადასტურებული არ არის, მაგრამ, როგორც კელი ორტბერგმა ინვესტორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, კომპანიას ურჩევნია, ცოტა რამ აკეთოს და კარგად, ვიდრე ბევრი და - არადამაკმაყოფილებლად.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი Boeing-მა კოსმოსური ბიზნესის ნაწილის გაყიდვა გადაწყვიტა, არაფერი ემუქრება იმ კონტრაქტებს, რომლებიც კომპანიას აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოსთან აკავშირებს. როგორც იცით, NASA Boeing-ის ერთ-ერთი უდიდესი დამკვეთია და მთვარეზე ადამიანის დაბრუნების მისიის კონტრაქტი, სწორედ Boeing-მა მოიპოვა. თავად Starliner-ის პროექტი არაერთი პრობლემის წინაშე დგას, როცა SpaceX-მა 2019 წლის შემდეგ ISS-ზე 43-ჯერ ჩავიდა და ადამიანები და ტვირთი ჩაიტანა.
თავად Boeing-ი, როგორც იცით, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიაა, რომელიც კოსმოსური ინდუსტრიის პიონერია. 1969 წლის Apollo 11-ის მისიის ფარგლებში მთვარეზე ადამიანები Saturn V-ის ტიპის რაკეტით მოხვდნენ, რომელიც, სწორედაც რომ Boeing-ის მიერ იყო შექმნილი. დღეს, ამერიკული კომპანია აწარმოებს, როგორც რაკეტებს და თვითმფრინავებს, ასევე კოსმოსურ თანამგზავრებს და კოსმოსურ თვითმფრინავებს. ამასთან, Boeing-ი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მართვაშიც.