2026 წლიდან საინვესტიციო ოქროს იმპორტი და მიწოდება დღგ-გან გათავისუფლდება - საგადასახადო კოდექსში ცვლილებები უკვე ასახულია.
Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ მსგავსი შეღავათები საინვესტიციო ოქროს იმპორტზე და გადაყიდვისას სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებშიც მოქმედებს, რაც ამ ტიპის ოქროს საინვესტიციო მიმზიდველობას აჩენს.
“საინვესტიციო ოქროს ცნება და დღგ-სგან გათავისუფლება ბევრ ქვეყანაში არის და მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად მოხდა ამის განხილვა, ზოგადად ევროკავშირის ქვეყნებშიც ეს ცნება და ასეთი ტერმინი არსებობს. „საინვესტიციო ოქროს მიწოდება“ ბევრ ქვეყანაში დღგ-თი არ იბეგრება.
ამის მიზეზი რეალურად არის ის, რომ ოქროს ზოდებმა არ დაკარგოს საინვესტიციო მიმზიდველობა. ვინაიდან, შეიძლება ასეთი ოქროს ზოდი საინვესტიციოდ იქნეს შეძენილი და ყოველი გადაყიდვა რომ არ დაიბეგროს დღგ-თი. ყოველი გადაყიდვის დღგ-თი დაბეგვრა ამ საინვესტიციო ოქროს, როგორც ფინანსურ ინსტრუმენტს მიმზიდველობას უკარგავს,ეს რომ არ დაიკარგოს ამიტომ ათავისუფლებენ დღგ-სგან, როგორც იმპორტს, ასევე მიწოდებას.
ასევე, საჭიროება მოდის იქიდან, რომ თუ ოქროს ზოდებზეა საუბარი, ადვილად არის შესაძლებელი, რომ ასეთი ოქროს ზოდების მიწოდება 100 000 ლარს გადასცდეს და ვინაიდან 100 000 ლარს ზემოთ საქონლის მიწოდება ზოგადად დღგ-თი დაბეგვრას იწვევს, იმპორტის შემთხვევაში საერთოდ ეს 100 000-იანი ზღვარიც არ არის. აქედან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში ამ შეღავათის შემოღება.”-ამბობს დავით პაპიაშვილი.




























