მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ღირს მედიკამენტები საქართველოში თურქეთზე ძვირი? - PSP ფარმას განმარტება

გიორგი რამიშვილი

"მე ვერ დავაყენებ ეჭვქვეშ და ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რეფერენტული მედიკამენტები ძვირია" - ასე უპასუხა "PSP ფარმას" ჯანდაცვის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატის, შალვა კერესელიძის შეკითხვას: რატომ ღირს საქართველოში მედიკამენტები ბევრად უფრო ძვირი, ვიდრე ევროპის ქვეყნებსა და სამეზობლოში?

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ხშირად ვისმენთ, რომ მედიკმანეტები ძვირია. დღეს იმ მეთოდოლოგიით, რაც სახელმწიფომ რამდენიმე წელია შემოიღო (და კარგი იქნებოდა, უფრო ადრე შემოეღო), ეს ფასები არის ევროპის საკმაოდ დაბალი შესაძლებლობის ქვეყნების მაგალითით აღებული და კიდევ უფრო იაფი. შესაბამისად, ამ ფორმულას, რომელიც ჯანმომ შეიმუშავა და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცა, მე ვერ დავაყენებ ეჭვქვეშ და ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რეფერენტული მედიკამენტები ძვირია", - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

PSP-ს წარმომადგენელს "ფასების კომისიაზე" "ქართული ოცნების" წვერი და კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილიც დაეთანხმა, რომელმაც განმარტა, რატომ ვერ ეღირება მედიკამენტები საქართველოში ევროპის ქვეყნებზე ძვირი. მისი თქმით, ფასების სიძვირეზე საუბარი სპეკულაციაა.

"მგონი, კომისიის ყველა წევრს არ ესმის საქართველოში რეფერენტული ფასები როგორ მუშაობს. საქართველოში რეფერენტული ფასები აღებულია ოთხი ქვეყნის მაგალითიდან, ესენი არიან: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ლატვია და ბულგარეთი. ფასები აღებულია ამ ბაზრების შესწავლის შედეგად, მათი საშუალოზე დაბალი, რომლის შედეგად ფორმირდება ფასები როგორც იმპორტირებულ წამლებზე, ასევე ადგილობრივ წამლებზე და არსებობს ფასნამატის ზედა ზღვარი კონკრეტული კატეგორიების მიხედვით.

ეს ფასი ვერ იქნება უფრო ძვირი, ვიდრე არის მაგალითად, ევროპის რომელიმე ქვეყნებში. უბრალოდ ვერ იქნება იმიტომ, რომ რეფერენტი ასე მუშაობს. დანარჩენი სპეკულაციაა და ვფიქრობ, რომ საქმეში ღრმად ჩაწვდომის დეფიციტი იმიტომ, რომ ეს სისტემა ასე მუშაობს. თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი რეფერენტულ ფასში ჩავსვათ და დავარეგულიროთ ბუნებრივად ვერ გვექნება პრეპარატი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. ეს არის სპეკულაცია, ვინც ამას იტყვის", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

"PSP ფარმას" ჯანდაცვის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა მედიკამენტის ფასები თურქეთის ბაზარს შეადარა და აღნიშნა, რომ თურქეთს მედიკამენტის გაიაფების საშუალებას მასშტაბის ეკონომია აძლევს.

"თურქეთი არის უზარმაზარი ბაზარი და აქვს ყველაზე მკაცრი რეფერენტული ფასწარმოქმნა პლანეტაზე. თავისი ბაზრის ზომიდან და მომწოდებლისგან დიდი მოცულობის მედიკამენტების ყიდვიდან გამომდინარე, ყველაზე კარგად ის "წურავს" მომწოდებელს და ყველაზე იაფად ართმევს პროდუქტს. მეორე კომპონენტია შიდა წარმოება, რომელიც მას აქვს აბსოლუტურად სხვა დონეზე აყვანილი და ისეთი პრეფერენციები აქვს შიდა წარმოებას, სხვა ქვეყანაში რომ არ არსებობს. ამ შიდა წარმოების უპირატესობებით აკეთებს იმას, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს აყვავებული და სხვა ქვეყნებშიც ადვილად შევიდეს. ეს არის მიმართულება, ადგილობრივი წარმოება, რომელიც გვინდა რომ განვავითაროთ.

ექსპორტი რატომ შეჩერდა თურქული წამლების? თურქეთმა ნახა, რომ ის მედიკამენტები, რასაც დიდ გლობალურ კომპანიებს აიაფებინებს თავისი მოხმარების, გაედინება საზღვრებს გარეთ და მათ ეს არ უნდათ, ხელს უშლიან ექსპორტს და აძვირებენ მედიკამენტების ექსპორტს", - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები