მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იაფდება საწვავი?

64074c7c28069
თათია ჩაფიჩაძე
11.03.23 14:40
1593
თებერვალში საწვავზე ფასი საშუალოდ 30-დან 40 თეთრით, ზაფხულიდან დღემდე კი 1,30-1.50 ლარით შემცირდა.

სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უმთავრესი მიზეზი რუსეთიდან დაბალ ფასად შემოტანილი პროდუქციაა, რომელიც გამყარებულ ლართან ერთად ფასის კლების საფუძველი ხდება.

რა გავლენას ახდენს პრემიერ მინისტრის განცხადებები ფასის კლებაზე? - ამ კითხვას გლობალური სავაჭრო ჯგუფის გენერალური დირექტორი ვანო მთვრალაშვილი ღიად ტოვებს და აქცენტს რუსეთის ბაზარზე ამახვილებს. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არსებული ბენზინის 85% რუსეთიდან შემოდის, რომლის ღირებულება პლატცზე ევროპულ ანალოგზე დაახლოებით 250 დოლარით ნაკლებია რის გამოც ალეტერნატივა არ გააჩნია.

მთვრალაშვილი პროგნოზირებს, რომ დიზელის ტიპის საწვავზე ფასების შემცირება მიმდინარე თვეშიც გაგრძელდება, თუმცა კლება ასეთივე მასშტაბური აღარ იქნება ბენზინზე.

„ბაზარი მიჰყვება ბაზრის ტენდენციებს, როცა ფასების კლებაზე ვლაპარაკობთ არ უნდა გამოგვრჩეს, რომ დიდი ხანია კლება მიდის, ბოლო თვეებში ფასი შეუქცევადად მცირდება როგორც ბენზინზე, ასევე დიზელზე.

როდესაც არაბრენდირებულს დაბალი ფასი აქვთ იმის გამო, რომ მათი ხარჯიც ნაკლებია და მარაგებიც მცირეა, ანუ სწრაფად უწყობენ ბაზრის ტედნეციებს ფეხს, ამ ფონზე ბრენდირებული, მსხვილი ქსელებიც კონკურენციაში შედიან მათთან და ფასებს ამცირებენ, რომ გაყიდვები არ შეუმცირდეთ. ამ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდია. პრემიერს განცხადებების გამო ფასის კლებაზე კომენტარს ვერ გაგიკეთებთ.

ჩემი გადასახედიდან მიმდინარე თვეში დიზელზე ფასი შემცირდება, იმიტომ რომ ფასი დაღმავალია, ეს არის გარანტი იმის, რომ კლება გაგრძელდება, რასაც ვერ დავადასტურებ ბენზინზე. ბენზინზე ფასი არც მცირდება და არც იზრდება, ერთ ნიშნულზეა. ისიც რომ ლარი მყარდება ცხადია ესეც მოქმედებს ფასებზე. რომ წარმოიდგინოთ ერთი პუნქტი არის 1 თეთრი თვითღირებულებაში, თუ 15 თეთრით თუ გამყარდა ლარი, ამას იგივე მოცულობითი ეფექტი აქვს ფასის კლებაზე.

რუსეთიდან ფასი მოდის ფიქსირებულად, არა საერთაშორისო ფასით, ხშირად პლატცი იზრდება გლობალურად, მაგრამ რუსეთიდან მოწოდებულის პირიქით მცირდება. ამ ეტაპზე დიზელზე შემცირებული ფასით მოდის, რაც უცნაურია იმიტომ, რომ გაზაფხულია, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებია, გადაზიდვები, ასევე ლარის კურის მყარდება.

დღეს რუსული პროდუქტის ალტერნატივის ძებნას აზრი არ აქვს იმდენად დაბალ ფასად მოდის, თუმცა ნებისმიერი კომპანია მზად არის იმისთვის რომ თუ მოხდება ალტერნატივის მოძიება, გადაეწყოს. ბენზინის შემთხვევა რომ ავიღოთ ევროპულ ბაზარზე პლატცის ფასია 850 $, ევროპული პროდუქტი რომ მიიღო 900$ მაინც დაჯდება, რუსული პროდუქტი მაქსიმუმ 650$-ად მოდის, სადღაც 200-250$-იან სხვაობას იძლევა და ეს ძალიან დიდია,“- განაცხადა მთვრალაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები