ქიმიური მრეწველობა საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შემოსავლიან და სტრატეგიულ სექტორად ითვლებოდა. თუმცა, ბოლო წლებში, როგორც გლობალურად, ისე რეგიონულ დონეზე, ქიმიური საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებულია წარმოება შეამციროს ან საერთოდ დაიხუროს, განსაკუთრებით ევროპის მასშტაბით.
ცხადია, ამ პროცესს რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს, მთავარი კი ისაა, რომ ქიმიური ინდუსტრია ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე ბინძური სექტორია. საწარმოები გამოყოფენ ტოქსიკურ ნარჩენებს, მავნე გამონაბოლქვებს და ხშირად საფრთხეს უქმნიან წყლის რესურსს. ამიტომ, სახელმწიფოები სულ უფრო ამკაცრებენ ეკოლოგიურ რეგულაციებს. ბევრ ევროპულ კომპანიას აღარ აქვს რესურსი თანამედროვე ფილტრაციის სისტემებისა და ეკოლოგიური სტანდარტების დასანერგად, რის გამოც ისინი იძულებულნი არიან, ან დახურონ საწარმოები, ან ოპერაციები უფრო ხელსაყრელ ქვეყნებში გადაიტანონ.
ამასთან, ქიმიური წარმოება ენერგოინტენსიური პროცესია. ბოლო პერიოდში გაზისა და ნავთობის ფასების ზრდამ მნიშვნელოვნად დაარტყა ამ სექტორს. ევროპის რამდენიმე ქიმიური გიგანტიც კი იძულებული გახდა, შეემცირებინა სიმძლავრე, რადგან წარმოების ხარჯი პროდუქტის საბაზრო ფასს აღემატებოდა.
გარდა ამისა, გლობალურ ბაზარზე ძლიერი კონკურენცია არსებობს აზიის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ჩინეთიდან და ინდოეთიდან, სადაც ენერგია და სამუშაო ძალა ბევრად იაფია, ვიდრე დასავლეთში. ამ ქვეყნებში წარმოებული ქიმიური პროდუქცია გაცილებით დაბალ ფასად შედის გლობალურ ბაზარზე, რის გამოც ევროპულ საწარმოებს კონკურენციის გაწევა უჭირთ.
ამ ყველაფერს თუ დავამატებთ იმას, რომ ევროკავშირში რეგულაციები მუდმივად მკაცრდება, მარტივია მისახვედრია, თუ რატომ აღარ უღირთ ქიმიურ საწარმოებს დასავლურ ქვეყნებში საქმიანობის გაგრძელება.


























