მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ინახავს უორენ ბაფეტი $325 მილიარდის ნაღდ ფულს?

უორენ ბაფეტი

მსოფლიოს უდიდესმა ფინანსურმა ჰოლდინგმა, ამერიკულმა Berkshire Hathaway-მ 2024 წლის მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ასახული.

გასულ სამ თვეში, უორენ ბაფეტის კომპანიის ნაღდი ფულის პოზიციამ $48.3 მილიარდით იმატა და $325.2 მილიარდი შეადგინა. ეს თანხა, დიდწილად, Berkshire Hathaway-ის უდიდეს პოზიციებში, კერძოდ Apple-ში და Bank of America-ში წილის შემცირებით არის გენერირებული.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, უორენ ბაფეტის საოპერაციო მოგებამ $10.1 მილიარდი შეადგინა. წლის დასაწყისიდან დღემდე, Berkshire Hathaway-ის აქციები 25%-ით არის გაძვირებული, რაც მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე S&P 500-ის მიერ ამავე პერიოდში დაფიქსირებული 20.1%.

მაშ, რატომ ინახავს უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ი $325 მილიარდის ნაღდ ფულს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ამერიკელი ინვესტორის ფილოსოფია უნდა მიმოვიხილოთ. დღეს, უორენ ბაფეტის ლეგენდარულობაზე აღარავინ დავობს, რადგან ინვესტიციების მიმართ გამჭრიახობა და გრძელვადიანი მენტალური გამძლეობა 94 წლის ინვესტორმა ყველა სუბიექტური და ობიექტური პარამეტრით დაამტკიცა. ბაფეტის კომპანია ისტორიაში ერთ-ერთი უმხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $974 მილიარდს აჭარბებს. ამ პარამეტრით, ის მსოფლიოში რიგით მეცხრე უმსხვილესი კომპანიაა, ხოლო მისი დამფუძნებელი, უორენ ბაფეტი, რომლის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $143 მილიარდად აფასებს, პლანეთის მეათე უმდიდრესი ადამიანია.

Berkshire Hathaway-ის მიერ მიღწეული ეს ფინანსური შედეგი პირდარპირ უკავშირდება უორენ ბაფეტის ღირებულებაში ინვესტირების, ე.წ. Value Investing-ის ფილოსოფიას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მიდგომა ისეთ კომპანიებში ინვესტირებას გულისხმობს, რომლებიც ბაზრის მიერ დღეს მათ რეალურ ღირებულებაზე ნაკლებად არის შეფასებული, რადგან სწორედ ასეთ კომპანიებს შეუძლიათ, რომ გრძელვადიან პერიოდში, ინვესტორებს ყველაზე დიდი სარგებელი მოუტანონ. შედეგად, უორენ ბაფეტი არასდროს ჰყვება ტენდენციებს და არ ყიდულობს გადაფასებულ, ანუ ე.წ. “ჰაიპში” მყოფ კომპანიებს. პირიქით, Berkshire Hathaway-ის ფინანსური პორტფელის დიდი ნაწილი გლობალური ფინანსური კრიზისის დროს შეიკრა, როცა უორენ ბაფეტმა რამდენიმე ამერიკული ბანკი გაკოტრებას გადაარჩინა.

ღირებულებაში ინვესტირების ფილოსოფიის ერთ-ერთი პოსტულატი დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ქონას გულისხმობს, რათა კომპანიამ ინვესტიცია იმ დროს განახორციელოს, როცა შესასყიდი აქტივის ღირებულება სათანადო დიაპაზონში მოხვდება. კონკრეტულ კომპანიაში ინვესტირების დროს, უორენ ბაფეტი რამდენიმე ძირითად კრიტერიუმს აკვირდება, ესენია: გამართული ფუნდამენტური მაჩვენებლები, გრძელვადიანი ზრდის პოტენციალი და კონკურენტული უპირატესობა. ამასთან, უორენ ბაფეტი ხშირად ინვესტირებს ისეთ კომპანიებში, რომლებიც აქციონერებისთვის პერიოდულ დივიდენდს აგენერირებენ, რომელსაც Berkshire Hathaway-ი, მოგვიანებით, საკუთარ აქციონერებზე ანაწილებს.

ნაღდი ფულის მიმართ კონსერვატიული მიდგომა უორენ ბაფეტს ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ის განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს დიდი გაურკვევლობის დროს. მსოფლიოში მიმდინარე ორი ომი და პოტენციური ესკალაციის რამდენიმე კერა, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ჯერაც გაურკვევები ბედი სწორედ ის საფუძველია, რომელსაც შეგვიძლია გაურკვეველი ვუწოდოთ. როგორც ჩანს, უორენ ბაფეტს არ ეგულება ისეთი აქტივი, რომელიც გრძელვადიანად იმაზე დიდ ამონაგებს მოუტანს, ვიდრე $325 მილიარდის ნადღი ფულის ექვივალენტად, ანუ აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების სახით შენახვა.

თუმცა დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ფლობას კიდევ ერთი უპირატესობაც აქვს, რომლის საფუძველს ისევ და ისევ უორენ ბაფეტის საინვესტიციო ფილოსოფიაში უნდა ვეძებოთ. ის კომპანია, რომელიც ბევრი საკმაოდ დიდი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობის თანხას ინახავს, ჭეშმარიტად ფინანსურად დამოუკიდებელია, ანუ სხვადასხვა გარიგებაში შესასვლელად არც საბანკო სესხი დასჭირდებდა არც პარტნიორების ჩართვა, რაც Berskhire Hathaway-ის შემთხვევაში მოლაპარაკების დროს უფრო დიდ ძალაუფლებას და, შესაბამისად, უკეთეს პირობებს ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები