საქართველო აზიისა და რეგიონის ქვეყნებისთვის რამდენიმე მიზეზით არის მიმზიდველი - რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით სტაბილური პოლიტიკური ვითარებით, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებით ევროპასან - ჩინეთთან და ადგილმდებარეობით.
საქართველოს ელჩი კატარში ნიკოლოზ რევაზიშვილი აცხადებს, რომ კატარული კომპანიების დაინტერესება საქართველოსადმი ყოველწლიურად იზრდება. მისი თქმით, ყოველ წელს სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის დაახლოებით, 40%-ით იმატებს. ელჩი ამ ტენდენციის ძირითად მიზეზზეც საუბრობს:
“კატარი ამჟამად იმყოფება ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბლოკადაში და ისინი სასურსათო მომარაგების დივერსიფიცირებულ გზებს ეძებენ. სწორედ ეს არის ძირითადი ინტერესის საგანი ჩვენს რეგიონში, ვინაიდან საქართველო ახლოს არის კატართან. ამასთან, ისინი ემზადებიან 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. მათი მიზანია, ეძებონ დივერსიფიცირებული მიწოდების გზები ყველაფერზე, რაც მომარაგებას, ობიექტების მშენებლობასა და სურსათის უსაფრთხოებას უკავშირდება”,- აცხადებს ელჩი.
ჩინეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ამბობს, რომ საქართველოსთვის დიდი უპირატესობაა ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება.
მისი თქმით, საქართველო იმ იშვიათ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო კავშირები აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან.
რაც შეეხება ჩინური კომპანიების ინტერესებს საქართველოში, მისი თქმით, ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ძირითადად ძველი აბრეშუმის გზის აღდგენაზეა ორიენტირებული, აქედან გამომდინარე, ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
უკრაინა ძალიან არის დაინტერესებული საქართველოთი,- ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე აცხადებს.
მისი თქმით, ის, რომ უკრაინაში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, ბიზნესს უბიძგებს, თანხები სხვა ქვეყნებში დააბანდონ.
“სწორედ ის, რომ უკრაინაში არ არის სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა და არის საომარი ვითარება, ბიზნესს უბიძგებს იქითკენ, რომ ნახოს ახალი ბაზრები და დააბანდოს თანხები ამა თუ იმ სტაბილურ ქვეყანაში, სადაც არის კარგი ბიზნესკლიმატი. საქართველო კი, კარგი ბიზნესკლიმატის მაგალითით არის ერთ-ერთი უნიკალური მაგალითი რეგიონში”,- აცხადებს გელა დუმბაძე.

























