მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ითხოვენ კლინიკები ქირურგიისა და რეანიმაციის ახალი სტანდარტების გადავადებას?

კლინიკ
BM.GE
31.07.23 19:30
140

2023 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის მიმდინარე წლის მარტში მიღებული ქირურგიისა და 2022 წლის ნოემბერში დამტკიცებული რეანიმაციის ახალი სტანდარტები.

ახალი რეგულაცია აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ასევე სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება აღარ ექნება. ასევე, ახალი რეგულაციით სტაციონარის ნებართვა არ გაიცემა დაწესებულებაზე, რომელიც განთავსებული იქნება საცხოვრებელ შენობაში. ამასთან კლინიკებს ქირურგიის დეპარტამენტში არანაკლებ 5 ქირურგიული საწოლი უნდა გააჩნდეთ.

სამედიცინო დაწესებულებები ამბობენ, რომ ყველა მოთხოვნის შესრულება შესაბამის დროს მოითხოვს, ამიტომ თუ ცვლილებები არ გადავადდა ეს პრობლემას შექმნის როგორც დაწესებულებებისთვის, ისე პაციენტებისთვის, რადგან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა შესაძლოა შეფერხდეს. კერძო სექტორისთვის განაკუთრებით რთულია როგორც ინფრასტრუქტურული გადაწყობა, ისე რეანიმატოლოგებისა და ექთნების იმ რაოდენობით ზრდა, რასაც ახალი სტანდარტი მოითხოვს.

„ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ შეიძლება საწოლფონდი შემცირდეს, მაგრამ სერვისის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდეს... ამას [სტანდარტების დანერგვას] დრო სჭირდება და ზოგიერთ შემთხვევაში ერთი მოჭრით ამის გაკეთებით უარეს მდგომარეობას მივიღებთ“-აცხადებს bm.ge-სთან სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე არჩილ მორჩილაძე.

„სტანდარტების შეცვლა დროს მოითხოვს. მაგალითად, საწოლების გარშემო რეანიმაციაში ზომები არის 5 მეტრი და 30 სანტიმეტრი. ერთ-ერთ მაგალითს ვამბობ: ძალიან ბევრ შენობა ისეა გაკეთებული, რომ სიგანე 5 მეტრზე მეტი არ არის ოთახში, 30 სანტიმეტრი ფიზიკურად აკლია. ან უნდა დაანგრიო, მოაშენო ან ა.შ და ა.შ

მეორე თემაა, რომ შემოდის ექიმების და ექთნების რაოდენობა რამდენი უნდა იყოს, რაც ცუდი არ არის, მაგრამ ჩვენ მკვეთრი დეფიციტი გვაქვს ექთნების, ასევე დეფიციტი გვაქვს რეანიმატოლოგების და ანესთეზიოლოგების, რომლებიც დღეს 2-3-4 ადგილას მუშაობენ“,-აცხადებს კონსილიუმ „მედულას“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ ფრუიძე.

„საერთაშორისო სტანდარტებით, რეანიმაციაში, ორ საწოლზე ერთი ექთანი უნდა იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მოთხოვნა როგორ შესრულდება ვერ გეტყვით, რადგან თითქმის ყველა კლინიკაში ექთნის დეფიციტია.

ექთნების სიმცირეს ძირითადად განაპირობებს ხელფასი. თუ ექთანს ნორმალური ხელფასი აქვს, ორგან ან სამგან მუშაობს და სამი ექთნის საქმეს ასრულებს. დღეს კლინიკებში 4-5 პაციენტზე მოდის ერთი ექთანი. 2 პაციენტზე 1 ექთანი არ მგონია, რომელიმე კლინიკას ყავდეს.

არ ვიცი ჯანდაცვის სამინისტროს როგორი მიდგომა ექნება, მაგრამ ალბათ უნდა გაითვალისწინონ კადრების სიმცირე და მიზეზი არკვიონ, რატომ არ ინტერესდება ადამიანი, რომ იმუშაოს ექთნად.

ასევე აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი ნორმატიული აქტები, რაც ჯერ სამინისტროს არ აქვს. რა მოცულობის სამუშაო უნდა შეასრულოს ექთანმა სხვადასხვა სპეციალობის მიხედვით, სანამ ეს არ დარეგულირდება, სტანდარტები ცოტა ნაადრევია. კი ბატონო რეანიმაციაში ორ პაციენტზე უნდა იყოს ერთი ექთანი, მაგრამ იქ უნდა იყოს გაწერილი მისი სამუშაოს მოცულობა. არის შემთხვევები, როცა განყოფილებას სანიტარიც არ ჰყავს და ექთანი სანიტრის მოვალეობასაც ასრულებს. ამასთან, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაედინება ბევრი კარგი კადრი, რაც გულდასაწყვეტია“,-აცხადებს bm.ge-სთან მარინა სახვაძე, ექთნების პროფესიული განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი.

ჯანდაცვის ასოციაციის ინფორმაციით, ჰოსპიტლების ნაწილს საწოლების რაოდენობის შემცირება და ინფრასტრუქტურული გადაწყობა მოუწევთ. ამასთან, თუ ეს პროცესი დროულად ვერ დასრულდა, შეფერხდება საერთაშოროსო აკრედიტაციის გავლის პროცესი, რადგან საერთაშორისო სტანდარტით, პირველ რიგში კლინიკა უკვე არსებულ რეგულაციებს უნდა აკმაყოფილებდეს.

„შეფერხებები სანებართვო პირობების შესრულებაზე, ხელს შეუშლის დაწესებულებებს, რომ დროულად დააკმაყოფილონ აკრედიტაციის მოთხოვნები. ხარისხის სერტიფიკატის მოპოვება 1-2 დღეში არ ხდება, ამას გარკვეული დრო სჭირდება, როგორც წესი, 1-1,6 წელი. როგორ შევასრულოთ ის, თუკი სექტემბრიდან უკვე პრობლემური თემა წამოგვეწევა ახალი სანებართვო პირობების თაობაზე და რომლის დაკმაყოფილება შეიძლება დაწესებულებებს ვადაში გაუხანგრძლივდეს. ეს საკითხები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და საბოლოოდ ის შეიძლება ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემის წყაროც გახდეს“,- განაცხადა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ჯანდაცვის ასოციაციის წევრმა, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დეკანმა მარინა დარახველიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ასოციაციამ სამინისტროს მიმართა და რეგულაციის დროში გადავადება ითხოვა, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ „დათმობა არ იქნება“. ზურაბ აზარაშვილი რეგულაციის გადავადების საჭიროებას ვერ ხედავს და ამბობს, რომ კლინიკებს ერთი წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ის პირობები შეეცვალათ, რაც მას მინისტრის პოსტზე მოსვლისას დახვდა.

„ჯერ კიდევ წინა წლის დასაწყისში, როცა მე ამ უწყებაში მოვედი და გავდიოდი სხვადასხვა საკითხს, ძალიან გაკვირვებული დავრჩი, რომ მაგალითად, რეანიმაციის არანაირი სტანდარტი, თუნდაც ერთ ფურცელზე დაწერილი, ან ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით, ან ექიმების რაოდენობასთან დაკავშირებით, არ არსებობდა. მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამევლო ეს საკითხი სექტორის წარმომადგენლებთან, ისევ თავიანთი დაწერილი ვერსია განგვეხილა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებას შევადარეთ, იყო განხილვები. გადაწყვეტილება სექტემბერშია მიღებული, შესაბამისად, სექტორს ერთი წელი ჰქონდა. ყველანაირი გონივრული ვადა და შესაძლებლობა აქვს მიცემული სექტორს, რომ სტანდარტები დააკმაყოფილოს. ამის არარსებობა ქვეყანაში შეუძლებელია, არანაირი დათმობა ამ კუთხით არ იქნება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები