მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იცვლება გაზის ტარიფი მოხმარების მიხედვით? - გია არაბიძის ვარაუდი

გია არაბიძე

ენერგეტიკოს გია არაბიძის ვარაუდით, ბუნებრივ აირზე საფეხურეობრივი ტარიფის შემოღება შესაძლოა, ქვეყნის მიერ ძვირად ღირებული იმპორტირებული გაზის შესყიდვის კომპენსირებას უკავშირდებოდეს.

როგორც ენერგეტიკოსმა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განაცხადა, საზოგადოებისთვის უცნობია იმ ახალი 20-წლიანი ხელშეკრულების დეტალები და ფასები, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ს შორის გაფორმდა.

საქმე ის არის, წელს საქართველომ და აზერბაიჯანმა ე.წ “დამატებითი გაზის” ახალი 20 წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რადგან არსებულ კონტრაქტს, რომლის ფარგლებშიც საქართველო 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეღავათიან ფასად იღებდა, 2026 წლის ბოლოს ეწურება ვადა. პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი 20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე გარანტირებული მოცულობა იქნება ისევ 500 მლნ კუბური მეტრი და მისივე მტკიცებით, ფასი იქნება სოციალური, როგორც მანამდე იყო დადგენილი.

„ჩვენ არ ვიცით, დავუშვათ, იმ ახალ ოცწლიან ხელშეკრულებაში, როდესაც ჩვენ აზერბაიჯანიდან უნდა წამოვიღოთ ის ჩვენი 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი წლის განმავლობაში, რა ფასად მოდის. მეტ-ნაკლებად ჩვენთვის ცნობილია, დავუშვათ, სამხრეთ კავკასიიდან ოფციური გაზის რაოდენობა და მისი ფასები. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულწილად, გაცილებით უფრო მეტი თანხის გადახდა უწევს სახელმწიფოს თუ, დავუშვათ, მიმწოდებელ კომპანიას გაზის შესყიდვაში და მისი დაკომპენსირება სჭირდება“, - აცხადებს გია არაბიძე.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო ცვლილებები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში. მიღებული კანონპროექტის თანახმად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები საფეხურეობრივი ხდება და ის მოხმარებული მოცულობის მიხედვით განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები