„ანაკლია სითის“ ფინანსური დირექტორის გიორგი ჩუგოშვილის განცხადებით, სახელმწიფოსგან საფინანსო ინსტიტუტები ტვირთბრუნვებზე გარანტიის დაზღვევას, ქვეყანაში არსებული არამდგრადი ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს გამო ითხოვენ.
ასე უპასუხა ჩუგოშვილმა BM.GE-ის კითხვას - რატომ ითხოვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ტვირთბრუნვაზე გარანტიების გაცემას, რაზეც მთავრობას საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ მიუღია, მაგრამ პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ ტვირთბრუნვაზე გარანტების გაცემა „ანალიზს საჭიროებს“.
„საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან არის მოთხოვნა, რომ მოხდეს ტვირთების ბრუნვის გარანტიის წარმოდგენა სახელმწიფოს მხრიდან და მათი არგუმენტაცია არის შემდეგი: ჩვენ შეიძლება გვქონდეს ძალიან კარგი პორტი, ამას უზრუნველყოფთ ჩვენ, მაგრამ საკონტეინერო ტვირთები დამოკიდებულია ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ეკონომიკურ ზრდაზე და პოლიტიკურ სიტუაციაზე. შესაბამისად, ბანკები გვეუბნებიან შემდეგ რამეს: თქვენ ვერ აიღებთ პასუხისმგებლობას პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შეიძლება მოხდეს რაღაც ისეთი, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ტვირთნაკადს და თქვენს პროექტს ფინანსურად ზიანს მიაყენებს. ამ რისკებს ჩვენ ვერ ვმართავთ, შესაბამისად, რისკი უნდა აიღოს იმ მხარემ, რომელიც მას მართავს, ამ შემთხვევაში ეს არის მთავრობა.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, საუბარი არის იმაზე, რომ თუ პორტის საოპერაციო მოგება არე ეყოფა IFI-ების სესხების თანხას, მაშინ სესხის უზრუნველყოფა მოხდება გარანტიით, გარანტიის ათვისებული ნაწილი კი, კონსორციუმს დაეკისრება როგორც ვალდებულება, რომლის გადახდაც სახელმწიფოსთვის მოხდება, ოღონდ მას შემდეგ რაც დაფარული იქნება IFI-ების გრაფიკით გათვალისწინებულ გადახდა.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო არის განვითარებადი ქვეყანა, გვაქვს ორი კონფლიქტური ზონა და როდესაც ინვესტორები მოდიან ჩვენს ქვეყანაში და 600 მლნ დოლარი უნდა დახარჯონ ერთ კონკრეტულ პროექტში, მათ სჭირდებათ გარანტიები, რომ მთავრობა ჩართულია პროცესებში“, - განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის სწორი გზა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა რამდენიმე დღის წინს შეკითხვას - ჩაუდგება თუ არა სახელმწიფო ანაკლიის პორტს ტვირთების მოზიდვის გარანტორად?
როგორც ცნობილია, შესაბამისი მოთხოვნა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ.
ბახტაძის თქმით, სახელმწიფომ ისედაც სერიოზული ინვესტიციები ჩადო ანაკლიის პორტში და მთავარი ბიზნესრისკის - ტვირთების მოზიდვის - საკუთარ თავზე აღება სერიოზულ გააზრებას საჭიროებს.
“სწორედ კერძო კომპანიებისგან შემდგარ კონსორციუმს უნდა უზრუნველეყო ტვირთების მოზიდვა. როცა ჩვენ ასეთ მასშტაბურ ინვესტიციას ვახორციელებთ: გავაკეთეთ მიწების გამოსყიდვა, რომელიც ასევე დიდ თანხასთან იყო დაკავშირებული; ვაძლევთ საპარტნიორო ფონდიდან კაპიტალში თანხას; ამას თუ ისიც დაემატება, რომ ის მთავარი ბიზნეს რისკი, რომელიც უკავშირდება ტვირთების მოცულობას, ესეც ბიუჯეტმა აიღოს თავის თავზე, ეს, ვფიქრობ, სერიოზულ გააზრებას საჭიროებს”,- აცხადებს ბახტაძე.
მისი თქმით, თავის დროზე, როდესაც ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, სახელმწიფოს რამდენიმე მოტივაცია ჰქონდა. პირველი, მისი თქმით, ზოგადად, უკეთეს მოდელად ითვლება, როდესაც პროექტს ახორციელებს კერძო ინვესტორი, როცა ამის შესაძლებლობას თავად პროექტი იძლევა.
“მეორე, ჩვენ გვინდოდა გვეხილა საერთაშორისო კონსორციუმი, იმ კერძო კომპანიებისგან შემდგარი, რომლებიც შეძლებდა ტვირთების მოზიდვას დერეფანში და რომ ყოფილიყო მეტი ინტერესი მსხვილი კომპანიების მხრიდან - ანაკლიის პორტის მეშვეობით მეტი ტვირთვის ტრანსპორტირება მომხდარიყო.
თუ ისევ ბიუჯეტის ხარჯზე ვსაუბრობთ, რომ უნდა მოხდეს ტრაფიკის გარანტიის მიცემა, ამ შემთხვევაში კითხვაც ჩნდება: მაშინ რა არის ის დამატებითი ღირებულება და ძალისხმევა, რომელიც უნდა მოიტანონ საერთაშორისო ინვესტორებმა?
ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჩვენ საერთაშორისო კონსორციუმი დღესაც და მომავალშიც გვჭირდება, რომ დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ამ კონსორციუმის ფარგლებში ძლიერი მოთამაშეები შეძლებენ საქართველოში დამატებითი ტვირთების მოზიდვას. ამას მთავრობა ვერ გააკეთებს. მთავრობამ უნდა შექმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი თამაშის წესები, დაიცვას ინტერესები ნებისმიერი ორგანიზაციის ინტერესები, რომ შეძლოს თავისი ფუნქციების შესრულება.
გარანტიის გაცემა არის საკითხი, რომელსაც სჭირდება სერიოზული ანალიზი”, - აცხადებს ბახტაძე.

























