მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ითხოვს მწარმოებელთა ფედერაცია ანტიდემპინგურ კანონმდებლობას?

5d17594c4d026
დავით ჯალაღონია
29.06.19 17:25
1315
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას აზრით, რამდენიმე სექტორს, განსაკუთრებით ცემენტის, ფოლადისა და შაქრის წარმოებას, "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ" კანონი განსაკუთრებით სჭირდება.

"საჭიროება არის იქიდან გამომდინარე, რომ დღეს დიდი ინდუსტრიები საფრთხის ქვეშ დადგნენ, ვიდრე ეს ადრე იყო, შესაბამისად, მთავრობამ დაინახა საჭიროება, რომ მიღებულ იქნას კანონმდებლობა სწორი კონკურენციისთვის იმპორტირებულსა და ადგილობრივ პროდუქციას შორის.

ამ ინდუსტრიებიდან, მაგალითად, „ჰაიდელბერგის“ მიმართვა იყო, აგრეთვე იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიმართვა და „აგარის შაქრის“ მიმართვა. არის კიდევ კაბელებისა და ტექსტილის წარმოების ინდუსტრიები, რომლებიც დადასტურებულად ვერ ამბობენ, რადგან კანონმდებლობა არ არის, მაგრამ აღნიშნავენ, რომ საკმაო რაოდენობით შემოდის ისეთი პროდუქცია, რომელიც არის არასათანადო, დემპინგურ ფასად. ეს რომ დადგინდეს, ამისთვის საჭიროა კანონმდებლობა", - განაცხადა სილაგავამ BM.GE-სთან საუბრისას.

ამასთან, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ანტიდემპინგური კანონმდებლობა ადგილობრივ წარმოებებში დასაქმებულთა ინტერესებსაც დაიცავს.

"თუ ჩვენ ვიღებთ მომხმარებლად ისეთ ადამიანს, რომელიც მუშაობს და დასაქმებულია რომელიღაც ადგილობრივ წარმოებაში და ქმნის პროდუქტს, შესაბამისად ამ ადამიანს აქვს გარკვეული ხელფასი, ამ წარმოებას აქვს შენატანი ბიუჯეტში, მოქმედებს კარგად ლარის კურსზე და ეს მომხმარებელი, რომელიც მანდ მუშაობს, სრულიად შესაძლებელია, რომ დემპინგის პირობებში უმუშევარი დარჩეს, რადგან წარმოება გაჩერდეს", - აღნიშნა მან.

საქართველოს მთავრობამ განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ", რის შემდეგაც მას უკვე საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. 

კანონპროექტის მიზანია დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა. ამისთვის უნდა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და ადგილობრივი ინდუსტრიის მატერიალურ ზიანს შორის. თუ საკითხის შესწავლა დაადგენს, რომ არსებობს კავშირი ამ ორ ფაქტორს შორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის მიზნით, უცხოური კომპანიის მიმართ, რომელიც აწარმოებს დემპინგურ იმპორტს, ანტიდემპინგური ღონისძიება გატარდება. 

კანონის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები