საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების შესავსებად სებ-ი ინტერვენციებს მომავალშიც გააგრძელებს.
ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს 9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აქუციონზე 10 მლნ დოლარის შესყიდვის მიზეზებთან დაკავშირებით განუცხადა.
„ჩვენ ეს ადრეც ბევრჯერ გაგვიკეთებია; მე თავადაც განმიცხადებია, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატურ დონეზე და ამიტომ, როდესაც ბაზარი ამის საშუალებას მოგვცემს, ჩვენ ყოველთვის შევისყიდით უცხოურ ვალუტას იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შევავსოთ“, - განაცხადა გვენეტაძემ და დასძინა, რომ მსგავსი ინტერვენციები მომავალშიც იქნება.
„ისევ და ისევ რეზერვების გასაზრდელად“, - აღნიშნა მთავარმა ბანკირმა.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში გაუფასურების მიმართულებით ლარის კურის რყევებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ გაცვლითი კურსის მცურავ რეჟიმს მოკლევადიან პერიოდში მერყეობები ახასიათებს.
„გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რა ხდება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორია ინფლაცია და ეკონომიკის ზრდა ქვეყანაში. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე ზრდა არის კარგი, პროგნოზებიც საკმაოდ კარგია, ინფლაციაც დაბალია; ეს არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი; ესაა უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორი, ვიდრე - გაცვლითი კურსი“, - აღნიშნა გვენეტაძემ.