მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი? - საელჩოს განმარტება

ჩინური ავტომობილები

ბოლო პერიოდში, ჩინური ავტომობილები საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ საიმპორტო საქონლად ყალიბდება. გასულ წელს, ქვეყანაში $22.2 მილიონის ღირებულების 1,767 ჩინური ავტომობილი შემოვიდა, რაც 62%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს. მიმდინარე წლის ხუთ თვეში კი, საქართველომ $18.6 მილიონის ღირებულების 1,119 ავტომობილი უკვე შეიძინა, ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს იმპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდება. ამასთან, არაერთმა ჩინურმა ბრენდმა საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობაც გახსნა.

საქართველოში ჩინური ავტომობილების პოპულარობის ზრდაზე BMG-სთან საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველმა, ჭაო ჩუანმა ისაუბრა. ჩინელი დიპლომატი საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტის ზრდას იმ ტექნოლოგიურ უპირატესობას და ხარისხისა და ფასის თანაფარდობას უკავშირებს, რომლითაც ჩინეთში წარმოებული ავტომობილები და ელექტრომობილები სხვებისგან გამოირჩევა.

“ჩინეთი საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ერთ-ერთია, ორი ქვეყანა ერთმანეთს ავსებს და ერთმანეთისგან დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტს ახორციელებს. ქართული ღვინო, მინერალური წყალი და სხვა პროდუქტები დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩინელ მომხმარებლებს შორის. ანალოგიურად, ბევრი ჩინური პროდუქტი სულ უფრო და უფრო მეტად შემოდის ქართულ ბაზარზე, რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითიც ჩინური მანქანებია.

ჩინურმა ავტომობილებმა, განსაკუთრებით ახალმა ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილებმა, მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ უპირატესობას მიაღწია R&D ინვესტიციებისა და ყოვლისმომცველი სამრეწველო და მიწოდების ქსელის მეშვეობით. ეს მანქანები ექსპორტზე გადის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც და მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ვიცი, ჩინურმა Geely Automobile-მა თბილისში უკვე ოფიციალური ცენტრი გახსნა და მჯერა, რომ სამომავლოდ ქართულ ბაზარზე მეტი ჩინური საავტომობილო ბრენდი შემოვა”, - განაცხადა ჭაო ჩუანმა BMG-სთან საუბრისას.

საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველმა ჩვენთან იმ პროექტზეც ისაუბრა, რომელიც ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა რამდენიმე თვის წინ დააანონსა. ეს პროექტი ქუთაისში მეორადი ჩინური ავტომობილების ბაზრობის მოწყობას ითვალისწინებს, რაც დაახლოებით ისეთივე პროექტია, რომელიც წლების წინ, რუსთავში განხორციელდა. როგორც ჭაო ჩუანი ამბობს, ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მეორადი ელექტრომობილების ბაზრობის მოწყობით რამდენიმე ჩინური კომპანია ინტერესდება.

“პირველ რიგში, ნება მომეცით განვმარტო, რომ ელჩი მეორადი ელექტრომობილების ბაზრობას გულისხმობდა. ცოტა ხნის წინ, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პოტენციალის გამოსაკვლევად საქართველოს ჩინური ლოგისტიკური კომპანიები ეწვივნენ, რის შემდეგაც მათ ინტერესი გამოხატეს საქართველოში მეორადი ავტომობილების ბაზრის მიმართ. მათი პროგნოზის თანახმად, „შუა დერეფნის“ ეტაპობრივი განვითარება და E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება ქუთაისის ინდუსტრიული ზონის პოტენციალს გამოავლენს. მათი სურვილია ისარგებლონ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტრატეგიული მდებარეობითა და პოტენციალით, რათა ჩინეთსა და საქართველოს შორის მეორადი მანქანებით ვაჭრობის კუთხით ურთიერთობები გაძლიერდეს. ეს გულისხმობს ჩინური მეორადი მანქანების შემოსვლას საქართველოში, რაც დააკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას და გავლენას იქონიებს ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზეც”, - განაცხადა საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველმა, ჭაო ჩუანმა BMG-სთან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები