არ მიგვაჩნია სწორად, მუდმივად ვასუბსიდიროთ ბიზნესი - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, „თბილსერვის ჯგუფის“ მომსახურეობის 70% სწორედ ბიზნეს-სექტორის ხმარდება, ხოლო შემოსული გადასახადი ამის ნახევარიც არ არის.
„დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება მხოლოდ ბიზნეს-სექტორისთვის, მათთვის, ვინც ეწევა მომგებიან საქმიანობას, იზრდება ასევე სახელმწიფო დაწესებულებებისთვის. უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო სექტორისთვის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დასუფთავების მნიშვნელოვან სუბსიდირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტი და სწორად არ მიგვაჩნია, მუდმივად ვასუბსიდიროთ ეს სექტორი. ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მათი მოსაკრებელი იყოს იმდენი, რამდენიც იხარჯება მათთვის მომსახურეობის სახით. „თბილსერვის ჯგუფის“ მომსახურეობის 70% მოდის ბიზნეს-სექტორზე“, - განაცხადა ხმალაძემ.
შეგახსენებთ: მერიამ საკრებულოს წარუდგინა დადგენილების პროექტი, რომლის თანახმად, დედაქალაქში იურიდიულ პირებს დასუფთავების მოსაკრებელი ეზრდებათ.