თანამედროვე სამყაროში მონაცემთა ცენტრები (Data Centers) გლობალური ენერგოსისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტად ჩამოყალიბდნენ. მათი დახმარებით შესაძლებელია დიდი მონაცემების დამუშავება, შენახვა და დასწავლა. Data-ცენტრი თანამედროვე ციფრული ინფრასტრუქტურის ფუნდამენტს წარმოადგენს, რომელიც ერთგვარი საწარმოს როლს ასრულებს. ყველა მოთხოვნადი ციფრული სერვისი, იქნება ეს: Cloud-მომსახურება, ხელოვნური ინტელექტი თუ მონაცემთა შენახვა-გაგზავნა პირდაპირაა დამოკიდებული მსოფლიოს მასშტაბით განლაგებული Data-ცენტრების ოპერირებაზე.
ციფრული ეკონომიკის განვითარების პარალელურად, Data-ცენტრებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რამდენად ენერგოინტენსიური პროცესია მონაცემების შენახვა და დამუშავება.
ამჟამად Data-ცენტრები გლობალური ელექტროენერგიის დაახლოებით 1–3%-ს მოიხმარენ. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მათი წილი საერთო მოხმარებაში 4–5%-ს აღწევს, რაც დაახლოებით 176 ტერავატსაათს (TWh) უდრის წელიწადში. ეს რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ზოგიერთი ქვეყნის მთლიანი წლიური ელექტრომოხმარება.
მონაცემთა ცენტრების ენერგომოხმარება მკვეთრად განსხვავებულია მათი ზომისა და დანიშნულების მიხედვით. არსებობს მცირე, საშუალო და ჰიპერმასშტაბური ცენტრები, რომელთა ენერგომოხმარება შეიძლება 100-ჯერ დიდი იყოს.
საშუალო ზომის მონაცემთა ცენტრი, მაგალითად, 500-დან 2 000-მდე სერვერით და დაახლოებით 5 000 – 10 000 კვადრატული მეტრის ფართობით, ჩვეულებრივ 1-დან 5 მეგავატამდე (MW) სიმძლავრეს მოიხმარს.
თუ ასეთი ცენტრი 5 მეგავატზე მუშაობს უწყვეტად, მისი წლიური მოხმარება 43.8 გიგავატსაათის შეადგენს, რაც საშუალოდ 110–170 მეგავატსაათს უდრის დღეში, რაც 15 000 ოჯახის ენერგომოხმარების ტოლფასია.




























