მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ იზრდება მზის პანელების ფასი და რა ბედი ელის ქართულ პროექტებს? - თორნიკე დარჯანიას განმარტება

ენერგია

მზის პანელები ძვირდება, რაც მზის ენერგიის გაძვირებასაც გამოიწვევს. დარგის წარმომადგენლების განმარტებით, მიზეზი იშვიათ მინერალებზე ფასის ზრდაა, რომელიც წარმოებაში გამოყენება. შედეგად, პანელებზე ფასი ბოლო რამდენიმე თვეში, დაახლოებით, 30 პროცენტით არის გაძვირებული. მოსალოდნელია, რომ 1 აპრილიდან ჩინეთი კიდევ ერთ, 9%-იან შეღავათს მოხსნის მზის პანელების ექსპორტზე, რაც პროდუქტს კიდევ უფრო გააძვირებს.

Helios Energy-ის დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია განმარტავს, რომ მზის პანელების ღირებულებამ გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული სოლიდური მატება განიცადა, რაც უკვე აისახა მიმდინარე შეკვეთებზეც. მისი განმარტებით, გარდა ნედლეულისა, მნიშვნელოვანი ფაქტორი ტრანსპორტირების ხარჯების ზრდაა, რაც პირდაპირ უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.

“ირანთან მიმდინარე საომარმა ოპერაციებმა ტრანსპორტირებაც გააძვირა. დაახლოებით კონტეინერი ჯდებოდა ხოლმე ფოთამდე ჩინეთიდან სადღაც 3000-დან 3500 დოლარამდე. ახლა მოლოდინია, რომ შეიძლება, 5000 დოლარზეც ავიდეს. გააჩნია, როგორ დასტაბილურდება მდგომარეობა” - ამბობს დარჯანია BMG‑სთან.

მისივე თქმით, არსებული ვითარება განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აყენებს იმ ინვესტორებს, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროსთან მემორანდუმების გაფორმებას ელოდებიან და პროექტები კონკრეტულ ტარიფზე (მაგალითად, 5.6 ცენტზე) აქვთ გათვლილი.

„მათთვის რთული მდგომარეობაა, იმიტომ რომ ბევრს გაწეული აქვს უკვე ხარჯები: ჩატარებული აქვთ კვლევები, ზოგს მიერთების საფასური გადახდილი აქვს, ზოგმა მიწაც შეიძინა. ინვესტიცია გაწეულია და ახლა პროექტი, მინიმუმ, 15-დან 20%-მდე უძვირდებათ. 5.6 ცენტი ზოგადად მისაღები ტარიფი იყო მზის ელექტროსადგურისთვის, თუმცა ამ ახალი ფასებით პროექტი მაინც მოგებიანი რჩება, ოღონდ, ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში - აქ საუბარია 10 წელზე და უკუგების მეტ პერიოდზე” - ამბობს თორნიკე დარჯანია.

ამასთან, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში მზის პანელების იმპორტმა 30 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12-ჯერ მეტია. დარჯანია ამას რამდენიმე მიზეზით ხსნის, მათ შორის გაძვირების მოლოდინით.

“ბევრმა იცოდა მოსალოდნელი გაძვირების შესახებ და განახორციელა იმპორტი. მეორე ფაქტორია ის, რომ რამდენიმე დიდი პროექტი გადავიდა მშენებლობის ეტაპზე და დაიწყეს პანელების შეძენა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ გაზრდილია მოთხოვნა და იმპორტიც. ის, რომ იანვარ-თებერვალში მოიყარა თავი ამხელა მოცულობამ, სავარაუდოდ, სწორედ მოსწრებაზე იყო გათვლილი” - ამბობს თორნიკე დარჯანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები