საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ვერცხლის ფასი მკვეთრად იზრდება და გასულ კვირას მისმა მაჩვენებელმა კილოგრამზე 2,180 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული შედეგია.
მიმდინარე წელს ვერცხლის ფასების მატების მაჩვენებელი 123%-ია, რაც ოქროს 65%-იან შედეგს თითქმის 2-ჯერ აჭარბებს. ბოლო ერთ თვეში ვერცხლი დაახლოებით 30%-ით არის გაძვირებული, რაც საერთაშორისო ბირჟაზე წარმოდგენილ აქტივებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. უფრო მეტიც, წელს ვერცხლმა ყველა გლობალურ ინდექსს, კომპანიების აბსოლუტურ უმეტესობას და კრიპტოაქტივებსაც აჯობა, რაც ნამდვილად უჩვეულო მოვლენაა, რადგან თავად ვერცხლი ზუსტად ის არის, რაც ერთი, ათი ან ასი წლის წინ იყო და მას ახალი თვისებები წელს ნამდვილად არ შეუძენია – თუმცა შეცვლილია წარმოდგენა მის შესახებ.
ვერცხლის მკვეთრი გაძვირება პირდაპირ კავშირშია ბირჟაზე ოქროს ფასის ზრდასთან, რომელიც ამჟამად რეკორდულ ზონაში იმყოფება. ისტორიულად, ოქროსა და ვერცხლს შორის არსებობს საბაზრო კორელაცია და ერთი აქტივის გაძვირება მეორის აღმასვლას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში, ტენდენციის განმსაზღვრელი ოქროა, რომელიც ვერცხლს აღმასვლისაკენ უბიძგებს.
გარკვეულწილად, ვერცხლს ოქროს ხელმისაწვდომ ალტერნატივადაც განიხილავენ, რადგან ის თვისებებით და პრაქტიკულობით ოქროს ჰგავს, თუმცა ის არც იმდენად იშვიათია, როგორც ოქრო და მას არც სარეზერვო აქტივის სტატუსი აქვს, რაც ინსტიტუციური ინვესტორებისა და ცენტრალური ბანკებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მიუხედავად ამისა, საცალო ინვესტორების და საიუველირო ნაწარმით დაინტერესებული მომხმარებლების მხრიდან ვერცხლზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რაც მის გაძვირებას იწვევს.
მსგავსებების მიუხედავად, ოქროს და ვერცხლის შედარება საბაზრო ღირებულებით პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან დღეს ბირჟაზე წარმოდგენილი ოქროს საერთო შეფასება 30 ტრილიონ 300 მილიარდი დოლარის ფარგლებშია, ხოლო ვერცხლის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 700 მილიარდი დოლარია. მარტივად რომ თქვათ, ოქროს საერთო ღირებულება თითქმის 10-ჯერ მეტია, ვიდრე ვერცხლის.
ფასებს შორის სხვაობა კიდევ უფრო დრამატულია, თუკი ოქროს და ვერცხლს წონაში შევადარებთ, რადგან კილოგრამი ვერცხლის რეკორდული ფასი 2,180 დოლარია, ხოლო კილო ოქროს ფასი 140,000 დოლარს აღწევს, ანუ ოქრო ვერცხლზე 64-ჯერ ძვირი ღირს, რაც ლოგიკურია, რადგან ოქრო გაცილებით იშვიათი და სასურველი მეტალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა.
ფასებს შორის ეს დრამატული სხვაობა არის სწორედ ის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი, რის გამოც ბოლო პერიოდში ინდივიდუალური ინვესტორები და ტრეიდერები ვერცხლს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან ის თვისებებით ოქროსთან ყველასთან ახლოს არის, თუმცა გაცილებით იაფია, რაც აჩენს მოლოდინს, რომ მისი ფასი უნდა გაიზარდოს, თავად ეს მოლოდინი კი საბაზრო დინამიკაში აისახება და აქტივის ფასი მართლაც იზრდება.
თუკი შესყიდვების დინამიკას დავაკვირდებით, სხვაობა უფრო თვალსაჩინო გახდება – ოქროს უმეტესად გლობალური ცენტრალური ბანკები, ინსტიტუციური ინვესტორები და საინვესტიციო ჰოლდინგები ყიდულობენ, ხოლო ვერცხლის შემსყიდველთა შორის ძირითადად კერძო პირები და ტრეიდინგ ფირმები არიან, რომელთაც ვერცხლი არა სტრატეგიული რეზერვის შესავსებად, არამედ მოკლევადიანი ფინანსური სარგებლის მისაღებად სჭირდებათ.
სწორედ აქ იჩენს თავს პრობლემაც, რადგან ოქროზე არსებული მოთხოვნა შედარებით მდგრადი და სტაბილურია, ვინაიდან, ცენტრალური ბანკები სარეზერვოდ განკუთვნილ ოქროს მოკლევადიან პერსპექტივაში არ ყიდიან, ხოლო ტრეიდერებს მიზნად მხოლოდ მოკლევადიანი სარგებლის მიღება აქვთ, ამიტომაც არის, რომ ვერცხლთან მიმართებით უფრო ჭარბად ციფრული კონტრაქტების, ხოლო ოქროსთან მიმართებით ფიზიკური ზოდების შესყიდვებს ვხედავთ.
ამ მიზეზების გათვალისწინებით, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ვერცხლი ამჟამად ზედმეტად ძვირადაა შეფასებული და მისი ფასის ასეთ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება გრძელვადიანად შეუძლებელი იქნება, განსხვავებით ოქროსგან, რომელსაც ისტორიული სანდოობა და სტაბილური ინსტიტუციური მოთხოვნა უმაგრებს ზურგს.




























