მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მცირდება Philips-ის აქციებზე ფასი?

ph

მას შემდეგ, რაც ნიდერლანდურმა კომპანია Philips-მა ჩინეთში შემცირებული მოთხოვნის გამო, გაყიდვების მოსალოდნელი მაჩვენებლები შეამცირა, კომპანიის აქციებზე ფასი 16%-ით დავარდა.

მესამე კვარტალში სამედიცინო ტექნოლოგიების გიგანტმა $4.6 მილიარდის შემოსავალი დააფიქსირა, რითაც Wall Street-ის მიერ პროგნოზირებული $4.9-მილიარდიან ნიშნულს ვერ მიაღწია. ამასთან, კომპანიამ თითო აქციაზე შემოსავალი 14%-ით გააუმჯობესა, რამაც, მოსალოდნელი $0.28-ის ნაცვლად, $0.32 შეადგინა.

მიუხედავად მესამე კვარტალში გაზრდილი მოგების მარჟისა, Philips-ი გაყიდვების ტემპის ზრდას 0.5%-დან 1.5%-მდე ელის, ნაცვლად მანამდე ნავარაუდები 3-დან 5%-მდე ზრდისა. აღსანიშნავია, რომ, ჩინეთის მიღმა, გლობალური პროგნოზი უცვლელი დარჩა, რაც კომპანიისთვის მხოლოდ ამ ერთი ბაზრის უზარმაზარ გავლენაზე მიუთითებს.

კომპანიისთვის ერთ დღეში 16%-იანი ვარდნა 26 წლის განმავლობაში რეკორდულია. ასევე აღსანიშნავია, რომ აქციებზე ფასის შემცირება Philips-მა მას შემდეგ დააფიქსირა, რაც რამდენიმე წლის წინ მომხდარი კრიზისიდან თავი დაიძვრინა: 2021 წელს კომპანიას ძილის აპნოეს სამკურნალო სასუნთქი მანქანების უკან დაბრუნება მოუწია.

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, როი იაკობსი Yahoo Finance-სთან აცხადებს, მიუხედავად ჩინეთის ბაზარზე შენელებული ზრდისა, კომპანიისთვის ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარი მთავარ სამიზნედ რჩება.

"ჩრდილოეთ ამერიკაში ძლიერ დინებას, გაყიდვებისთვის ძლიერ მომენტუმს ვხედავთ, იმ ფონზე, რომ საავადმყოფოებში ინოვაციაზე მოთხოვნა მზარდია - რადგან მათ საკმარისი პერსონალი არ ჰყავთ, არსებულ მოთხოვნასთან გასამკლავებლად", - განაცხადა Philips-ის CEO-მ.

კომპანიის "ინოვაცია" სამედიცინო მოწყობილობებში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ითვალისწინებს, რაც საავადმყოფოებს კლინიკური პროცესების სწრაფ მართვასა და სწრაფ დიაგნოზირებაში ეხმარება.

როი იაკობსი იმედოვნებს, რომ ჩინეთის ბაზარზე გაყიდვები აღდგება და ეს მხოლოდ დროის საკითხია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები