ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს - დღეს ლარის გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით 2.629 შეადგინა, ხოლო ევროს კურსი 2.998 გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტიდან მოყოლებული, დოლარის კურსი 4.3%-ითაა შეცვლილი, ხოლო ევროსთან კორექცია 7%-ის ფარგლებია.
ბოლო პერიოდში ქართული ლარის გამყარების ტენდენცია მაკროეკონომიკური პროცესების, მონეტარული პოლიტიკისა და გლობალური ფინანსური ტენდენციების ერთობლივ შედეგს წარმოადგენს. ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკა პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში არსებულ სავალუტო ნაკადებსა და ეკონომიკურ ფუნდამენტს.
პირველ რიგში, გადამწყვეტ როლს თამაშობს უცხოური ვალუტის მაღალი შემოდინება, რაც ბაზარზე დოლარისა და ევროს მიწოდებას ზრდის. ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლები, მომსახურების ექსპორტის ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილების სტაბილური ნაკადები ქმნის უცხოური ვალუტის ჭარბ მიწოდებას, რაც ავტომატურად ამცირებს ევროსა თუ დოლარის ფასს ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით. ამავდროულად, საქართველოში შენარჩუნებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ზრდის მოთხოვნას ლარზე, რაც ადგილობრივი ვალუტის მიმართ ნდობასა და მის მსყიდველობითუნარიანობას კიდევ უფრო აძლიერებს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკაა. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული 8.25%-იანი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ლარში განთავსებულ დეპოზიტებს მიმზიდველს ხდის, რადგან ლარის ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები საგრძნობლად აღემატება უცხოური ვალუტის განაკვეთებს. გარდა ამისა, დოლარიზაციის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები ბიზნესსა და მოსახლეობას აიძულებს, უპირატესობა ეროვნულ ვალუტაში არსებულ აქტივებს მიანიჭონ. ეს პროცესი კი ბუნებრივად ამცირებს მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და ზრდის ლარის ლიკვიდურობას.
ადგილობრივი ფაქტორების გარდა, პროცესზე გავლენას ახდენს გლობალური საფინანსო ბაზრების დინამიკაც. აშშ-ის ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შესაძლო ცვლილებები არაპირდაპირ გავლენას გლობალური ინვესტორების განწყობაზე წამყვანი ვალუტების მიმართ, რაც განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარებას უწყობს ხელს.
ცხადია, ლარის გამყარება არც კარგია და არც ცუდი, რადგან მას ეკონომიკისთვის ორმხრივი ეფექტი აქვს. ერთი მხრივ, ის ამცირებს ინფლაციურ ზეწოლას, რადგან იაფდება იმპორტირებული საქონელი და მსუბუქდება ტვირთი იმ მსესხებლებისთვის, რომელთაც შემოსავალი ლარში აქვთ და ვალის გასტუმრება დოლარში უწევთ.
მეორე მხრივ, გადაჭარბებულმა გამყარებამ შესაძლოა გარკვეული გამოწვევები შექმნას ექსპორტიორებისთვის, რადგან ქართული პროდუქცია უცხოურ ბაზრებზე შედარებით გაძვირდება და ის კონკურენტუნარიანი აღარ იქნება. ასევე, ზედმეტი გამყარება ცუდი ამბავია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კაპიტალი ევროსა და დოლარში აქვთ დაბანდებული.
საერთო ჯამში, ქართული ლარის სიმყარე საგარეო შემოდინებების, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და გლობალური სავალუტო ტენდენციების შერწყმის შედეგია, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ხელს უწყობს, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, კარგი არც ზედმეტი სიმყარე და არც გაუფასურებაა, რადგან საუკეთესო მოცემულობა სტაბილურობაა.




























