2019 წელს საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჰოლდინგმა “საქართველოს კაპიტალმა” ავტომობილის სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე კომპანია “ამბოლის” (შპს მოტორსტარის) 80%-იანი წილი შეიძინა.
“საქართველოს კაპიტალის” ანგარიშის მიხედვით, მათ ამ გარიგებაში 3.4 მილიონი ლარი გადაიხადეს, ხოლო ბიზნესის განვითარებაში კი დამატებით 1.6 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს(ჯამში 5 მილიონი ლარი).
“საქართველოს კაპიტალის” წლიური ანგარიშის მიხედვით, ჰოლდინგი ავტომომსახურების სექტორში დამატებული ღირებულების შექმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ხედავს.
“დღეს საქართველოში ეს ბაზარი მაღალი ფრაგმენტულობით გამოირჩევა, ხოლო მისი მთლიანი შემოსავალი 2.8 მილიარდ ლარამდეა, რაც მრავალ წვრილ მოთამაშეზე ნაწილდება. წამყვან მოთამაშეს ბაზრის დაახლოებით 16%-იანი წილი აქვს, ხოლო ავტომობილების რაოდენობა კი გასული შვიდი წლის განმავლობაში წლიურად საშუალოდ 7%-ით იზრდებოდა. აღნიშნულის გამო, “საქართველოს კაპიტალი” მიიჩნევს, რომ ამ ბაზარს დიდი პოტენციალი აქვს,”- ნათქვამია ორგანიზაციის წლიურ ანგარიშში.
“საქართველოს კაპიტალის” მიერ “ამბოლის” შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას კონკურენციის სააგენტოც ავრცელებს, რომელიც მიუთითებს, რომ ამ გარიგებაზე თანხმობა მათ გასცეს.
“საქართველოს კაპიტალისა და მოტორსტარის 80% წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია; საქართველოს კაპიტალის, ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის კონცენტრაცია, რაც გულისხმობდა სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70% წილის შეძენას; საქართველოს კაპიტალისა და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის 80% წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია და სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ 80% წილის შეძენაზე შესული შეტყობინება,”- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.