„ვისოლ ჯგუფმა“ სარესტორნო ინდუსტრიის ერთ-ერთ გლობალურ ლიდერ კომპანია Subway-სთან ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა. როგორც ცნობილია, თანამშრომლობის ფარგლებში, “ვისოლ ჯგუფი” მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში Subway-ის 80 რესტორანს გახსნის.
კიდევ ერთი გლობალური ბრენდის ფრენჩაიზის შეძენის თაობაზე “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ “საქმიან საღამოში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ბრენდმა ჯგუფის ინტერესი სამი ფაქტორის გამო მიიზიდა, ესენია: “ვისოლ ჯგუფის” პორტფელში არსებულ სხვა კომპანიებთან სინერგიული ეფექტი, Subway-ის ბრენდი და ხარისხიანი პროდუქტი.
“რამდენიმე კვირის წინ, ხელი მოვაწერეთ ფრენჩაიზის ხელშეკრულებას Subway-სთან. რატომ Subway-ი? პირველი მიზეზი ისაა, რომ ის ძალიან კარგი დანამატია იმ პორტფელისთვის, რომელიც სარესტორნო მიმართულებით გვაქვს. Wendy’s-ისა და Dunkin-ის ფორმატში ასზე მეტი რესტორანი გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ბაზარზე ლიდერები ვართ.
მეორე მიზეზი ისაა, რომ Subway-ი ძალიან დიდი ბრენდია, რომელიც ჯერ კიდევ 1965 წელს შეიქმნა. ის ასზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, სადაც ოცდაჩვიდმეტი ათასზე მეტ რესტორანს ფლობს - ის გლობალური ლიდერია. მესამე მიზეზი კი ისაა, რომ როცა რესტორანში მოხვდებით, ყველაფერი თქვენ წინ მზადდება, პროდუქტები მარტივად დასანახავია, ანუ მარტივად შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ ბოსტნეული თუ პური, რომელიც თქვენ თვალწინ ცხვება, ყოველდღიურად ახალია.
ვფიქრობ, ეს ბრენდი ძალიან საინტერესოა და სწორედ ამან განაპირობა, რომ მასტერ ფრენჩაიზის ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომლის ფარგლებში, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში ოთხმოცი რესტორანი უნდა განვითარდეს.
წლის ბოლოს, ბათუმსა და თბილისში “ვისოლ ჯგუფს” Subway-ის ცამეტი რესტორანი ექნება. ბათუმში ორი რესტორანი უკვე ფუნქციონირებს, ახლა სამი გვაქვს და დანარჩენი რვა დაემატება თბილისში”, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ “საქმიან საღამოში” სტუმრობისას.
BMG-სთან საუბრისას “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა ჰოლდინგური კომპანიის განვითარების გზაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სარესტორნო ბიზნესის განვითარება დივერსიფიცირების იმ სტრატეგიული გადაწყვეტილების ნაწილია, რომელიც “ვისოლ ჯგუფმა” ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღო.
“2006 წელს, “ვისოლ ჯგუფში” ბიზნესის დივერსიფიცირების სტრატეგიული გადაწყვეტილება მივიღეთ. მაშინ ბაზარზე, ჩვენი ძირითადი ბიზნესი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის განვითარება და ოპერირება იყო, მაგრამ დღეს უკვე ათი კომპანია გვაქვს. თან, ეს ხდება მაშინ, როცა თავად “ვისოლ პეტროლეუმი” გაიზარდა, ის არ შემცირებულა, პირიქით - ზრდა გვაქვს. საერთო ფინანსური მაჩვენებლებით, რაც მთავარი ინდიკატორია ნებისმიერი ბიზნესის წარმატების, დღეს, “ვისოლ პეტროლეუმი” ჩვენი ჯგუფის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს. მაშინ, როცა ის იზრდება, სხვა კომპანიებმაც თქვეს თავისი სიტყვა.
ბოლო ერთ წელიწადში ორი კომპანია შევქმენით. “ბიოგრაფი” ჩამოვაყალიბეთ და დეველოპმენტში შევედით. ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება გვქონდა - სავაჭრო ცენტრებს ვაშენებდით და მშენებლობაშიც ჩართულები ვართ, რადგან თავის დროზე სამშენებლო სტრუქტურა გვქონდა, ასე რომ მიხარია, რომ ჩვენი ახალი ბრენდი “ბიოგრაფი” ბაზარზე წარმატებულად შევიდა”, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ “საქმიან საღამოში”.