რატომ შეიზღუდა "სინოფარმის" პირველ დოზაზე ადმინისტრირება? - ამ საკითხზე განმარტება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით, ამის საფუძველი გახდა ის, რომ ქვეყანაში ამ ვაქცინის არსებული დოზები იწურება და ვიდრე შემდეგი პარტია შემოვა, პირველ დოზაზე ადმინისტრირება იზღუდება.
„ქვეყანამ იყიდა 600 000 დოზა „სინოფარმი“, რომელიც საკმარისია 300 000 ადამიანისთვის. პირველი დოზა უკვე გაიკეთა 270 000-მდე ადამიანმა და კიდევ არიან დარეგისტრირებულები. ამიტომ მათთვის გადადებულია მეორე აცრისთვის საჭირო 300 000 დოზა, ამიტომაც გაურკვევლობა რომ არ მოხდეს შეიზღუდა რეგისტრაცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში დამატებით 100 000 დოზა "სინოფარმის" შემოტანას უნდა ველოდოთ, მანამდე კი თუ ვინმე უფრო ჩინური ვაქცინისკენ იხრება, მათ შეუძლიათ „სინოვაკითაც“ აიცრან, რომელსაც იგივე დამცველობითი უნარი აქვს და რომლის მარაგიც ქვეყანაში, ჯერჯერობით, არსებობს.
ცნობისთვის, „სინოფარმის“ ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) დამატებითი პარტიის მიღებამდე დღეიდან შეიზღუდა. NCDC-ის ცნობით, შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.