გამყვანი ტურიზმის სფეროში ბოლო პერიოდში კლების ტენდენცია შეინიშნება, ამის შესახებ ტურისტული სააგენტოები საუბრობენ. ტურისტული კომპანიის „გიორგი პარიზი“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის გიორგი ციქუბაძის განცხადებით, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა ევროპის მიმართულებით ტურისტების ნაკადის შემცირება.
„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ავიაბილეთების გაძვირება, რაც მოგზაურობის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. ამას დაემატა ლარის და ევროს კურსის შორის დიდი სხვაობა, რაც დამატებით ამძიმებს ფინანსურ მდგომარეობას,“ - განმარტავს გიორგი ციქუბაძე BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“.
მისი თქმით, ამ კუთხით განსაკუთრებით დაზარალებული საშუალო ფენა და დაბალშემოსავლიანი ჯგუფებია, რომლებიც ფინანსურად მეტად დამოკიდებულნი არიან ვალუტის კურსსა და მომსახურების ფასებზე. „ამ ჯგუფების დიდი ნაწილი ირჩევს შიდა ტურიზმს ან უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივებს, მაგალითად, თურქეთს, ბულგარეთს ან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს,“ - ამბობს ის.




























