მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ შეწყვიტა Ferrero-მ თურქული თხილის შესყიდვა?

Ferrero

Nutella-სა და სხვა შოკოლადის პროდუქტების მწარმოებელმა გიგანტმა, იტალიურმა Ferrero-მ თურქული თხილის შესყიდვა შეწყვიტა.

მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გაორმაგებული ფასი და გაფუჭებული ხარისხია, რაც კომპანიისათვის მიუღებელია.

მოგეხსენებათ, გაზაფხულის ყინვამ და თურქეთში მავნებლების გავრცელებამ თხილის მოსავალი დააზიანა, რის შედეგადაც მისი ფასი ზაფხულიდან თითქმის გაორმაგდა. ამასთან, ადგილობრივმა მწარმოებლებმა გადარჩენილი მოსავლის სპეკულაციური შესყიდვა დაიწყეს, რადგან მათ აქვთ მოლოდინი, რომ Ferrero-ს თურქული პროდუქციის შესყიდვა აუცილებლად მოუწევს და ის ამაში დიდ ფასსაც გადაიხდის.

თავად Ferrero, რომელიც თხილის გლობალური წარმოების მეოთხედს მოიხმარს, დროებით აჩერებს თურქეთიდან შესყიდვებს და მარაგებს აშშ-დან და ჩილედან ავსებს. ამ გადაწყვეტილების ფონზე, თურქული მხარე შიშობს, რომ Ferrero-ს სტრატეგიამ ქვეყანას შესაძლოა გლობალური ბაზრის წილი დააკარგვინოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩილე წარმოების გაორმაგებას გეგმავს.

თურქეთის მოსავალი, რომელიც ჩვეულებრივ 600–700 ათას ტონას აღწევს, წელს შესაძლოა 300–500 ათას ტონამდე დაეცეს. ამას ემატება ლირის გაუფასურება და შრომის მაღალი ღირებულება, რაც თურქ მწარმოებლებს კონკურენტუნარიანობას აკარგვინებს.

თუკი მხარეებს შორის ვაჭრობა არ აღდგება, მაშინ თურქეთი ყველაზე მნიშვნელოვან მომხმარებელს დაკარგავს, რაც სექტორისთვის უდიდეს გამოწვევად შეიძლება იქცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები