მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ სურდა საზოგადოებრივ მაუწყებელს ბათუმის ახალშეძენილი ოფისის გაყიდვა?

5b8fd81f72d99
სალომე მეცხვარიშვილი
05.09.18 17:49
1687
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აუქციონზე გამოიტანა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებულ კორპუსში ის ფართობი, რომელიც ერთი წლის წინ ბათუმის სტუდიის მოსაწყობად შეიძინა. ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 299 ათასი ლარი იყო, თუმცა, მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა.

რატომ სურდა საზოგადოებრივ მაუწყებელს ბათუმის ახალშეძენილი ოფისის გაყიდვა და რას უპირებს გაუყიდავ ფართს? ამ შეკითხვებით bm.ge-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორს ნოდარ ჭიჭინაძეს მიმართა.

მისი განმარტებით, ფართის აუქციონზე ხელმეორედ გატანას საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ აპირებს და მასში სტუდიას კვლავ მოაწყობს, თუმცა, ამ გეგმამ მომდევნო წლისთვის გადაიწია.

ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს, რომ წელს ფართში სტუდიის მოწყობა ვერ მოხერხდა, ამიტომ ფართის გაყიდვა ან გადაცვლა გადაწყვიტეს, თუმცა, ვერც ეს მოახერხეს.

„როდესაც ეს ფართი ვიყიდეთ, გვინდოდა ადგილზე სტუდიის მოწყობა. თუმცა, პროექტირებისა და ნებართვის აღების პროცესი გაიწელა. შემდეგ გამოცხადდა ტენდერი მშენებლობაზე, რომელში გამარჯვებულმა კომპანიამ უარი თქვა მის განხორციელებაზე, ვერ აწია ეს თემა. ამასობაში ვადაც გასდიოდა მშენებლობის ნებართვას, ბიუჯეტში კი ამისთვის თანხა გათვალისწინებული იყო. ეს თანხა მივმართეთ კონტენტის დასაფინანსებლად და დროებით გადავდეთ ეს საკითხი.

შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რადგან პროცესი გაჭიანურდა, გაგვეყიდა ეს ფართი ან გადაგვეცვალა, რომ რესურსი არ მოგვეცდინა. თუმცა, არც აუქციონზე გაიყიდა, ამიტომ ვაპირებთ მის საკუთრებაში დატოვებას. აშენების თანხას კი შემდეგი წლის ბიუჯეტში ჩავდებთ“,- აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები