მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ სურს "სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიას" EURO 5-ის საწვავის შემოღების გადავადება

5d4802c4afdf1
ლევან თაღიაშვილი
05.08.19 15:40
1205
"სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" გენერალური დირექტორის ლევან გიორგაძის განცხადებით, კომპანიის სურვილია, რომ საქართველოში EURO 5-ის სტანდარტის დიზელის საწვავის შემოღების ვალდებულება 2020-ის ნაცვლად, 2021 წლამდე გადავადდეს. ამის შესახებ მან გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა.  

მისი განმარტებით, ავტოპარკი არაა სათანადო მდგომარეობაში და მხოლოდ EURO 5-ის ტიპის საწვავის შემოღება გარემოს არ გააუმჯობესებს.

"დღეს ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ალბათ, უმჯობესია გადავდოთ EURO 5-ის საწვავის შემოღების თემა. საეჭვოა ვარაუდი, რომ ამ საწვავის შემოღება გააუმჯობესებს გარემოს. გარდა ამისა, ფასში საკმაოდ დიდი სხვაობაა EURO 5-სა და 4-ს შორის, საშუალოდ 10-15 თეთრი ჩვენს ქსელებში. დღევანდელი ავტოპარკი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ EURO 5-ის უპირატესობები ბოლომდე გამოიყენოს. ევროპა ჯერ გამონაბოლქვის სტანდარტებს აწესებს და შემდეგ ამას მიყვება საწვავის სტანდარტები, ორივე ერთმანეთის გარეშე რთული გასაკეთებელია. მე არაფერი დასამალი არ მაქვს ამ კუთხით, ეს ჩვენი ბიზნეს ინტერესიცაა საბოლოო ჯამში. EURO 5-ის საკითხი ავტოპარკთან ერთად უნდა განვიხილოთ, რადგან სხვანაირად იმ შედეგს უბრალოდ ვერ მივიღებთ, რაც გვინდა, თორემ EURO 5, EURO 4-ს რომ ჯობია, ამაზე საუბარიც არაა", - ამბობს გიორგაძე.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც იანვრიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 4-იდან ევრო 5 სტანდარტამდე აიწევს, ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევა. ამჟამად საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, რუსეთიდან, ბულგარეთიდან და საბერძნეთიდან ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები